ლიეტუვაში ამოქმედდა კანონი საჯარო სივრცეების დესოვეტიზაციის შესახებ

წითელი არმიის ჯარისკაცების მემორიალის დემონტაჟი ვილნიუსის ანტაკალნისის სასაფლაოზე. 6 დეკემბერი, 2022.

1 მაისს ლიეტუვაში ამოქმედდა კანონი საჯარო სივრცეების დესოვეტიზაციის შესახებ. კანონს სრულად ეწოდება „ტოტალიტარული, ავტორიტარული რეჟიმებისა და მათი იდეოლოგიების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“.

კანონი ქმნის საჯარო სივრციდან იმ ძეგლების, მემორიალური ობიექტებისა და ქუჩების სახელების მოცილების პროცედურას, რომლების შესახებაც ჩაითვლება, რომ ისინი პროპაგანდას უწევენ ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებს, ასევე მათ იდეოლოგიას.

სეიმის - ლიეტუვის პარლამენტის - პრესსამსახურის ცნობით, საჯარო ობიექტების პროპაგანდად აღიარებას განახორციელებს ლიეტუვის მცხოვრებთა გენოციდისა და წინააღმდეგობის შესწავლის ცენტრი, ასევე მუნიციპალური დაწესებულებები. თავად სეიმი ასევე შექმნის უწყებათაშორის კომისიას, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს.

სეიმის დეპუტატმა პაულე კუზმიცკენემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია საჯარო განხილვა. „კანონით, რომელიც საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ მოვაშოროთ კვალი, არამედ განვიხილოთ რეჟიმი და მისი დანაშაულები, უფრო მკაფიოდ განვსაზღვროთ კავშირი კომუნისტურ წარსულთან. ადგილი არ იქნება რეჟიმის რომანტიზებისთვის, კომუნიზმი და ნაციონალ-სოციალიზმი აღქმულ იქნება როგორც ბოროტება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ რეჟიმების გადალახვა“, - განაცხადა მან.

ბალტიის ქვეყნები საბჭოთა პერიოდის დაგმობის თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ. ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში მათი სსრკ-ში ყოფნის პერიოდი განიხილება როგორც ოკუპაცია. მოხდა საბჭოთა პერიოდის მრავალი ძეგლის დემონტაჟი ან ისინი გადატანილ იქნა.