ბულგარეთში იძიებენ გენერალური პროკურორის კორტეჟზე შესაძლო თავდასხმის ფაქტს

ბულგარეთის გენერალური პროკურორი ივან გეშევი. სოფია, 9 მარტი, 2023.

ბულგარეთის ხელისუფლებამ შექმნა ოპერატიული შტაბი შსს-სა და სპეცსამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობით, რათა გამოიძიოს ქვეყნის გენერალური პროკურორის, ივან გეშევის კორტეჟთან დაკავშირებული ინციდენტი. ბულგარეთის მედია იუწყება, რომ ორშაბათს დილით ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა ერთ-ერთი ავტომანქანის წინ.

შსს-ს წარმომადგენლები ოფიციალურად არ ადასტურებენ და არც უარყოფენ აფეთქების ფაქტს, მომხდარს „ინციდენტს“ უწოდებენ და დეტალებს არ აკონკრეტებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, არავინ დაშავებულა. თუმცა, ტელეარხი BTV იტყობინება, რომ დაშავებულია დაცვის თანამშრომელი.

ინციდენტი პროკურატურის ერთ-ერთი მანქანის მონაწილეობით მოხდა ქალაქ სამოკოვთან, დედაქალაქ სოფიის მახლობლად, მთიან რეგიონში. ჯერჯერობით არ გამოთქმულა ვარაუდები იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იდგეს პროკურორზე თავდასხმის უკან, თუ ეს მართლაც თავდასხმა იყო.

ორშაბათს - გენერალური პროკურატურის ავტოკოლონასთან მომხდარი ინციდენტისგან დამოუკიდებლად - გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულგარეთის პროკურატურა იძიებს ხელისუფლების შესაძლო უმოქმედობას ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების განხორციელების საკითხში. ირწმუნებიან, რომ ბულგარეთში არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ რუსი ფიზიკური თუ იურიდიული პირების აქტივების გაყინვის თაობაზე. ამავე დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციების სიებში შეყვანილი რუსები ან მათი კომპანიები ფლობენ უძრავ ქონებას ბულგარეთში. ასახელებდნენ ისეთი რუსი მოღვაწეების სახელებს, როგორებიცაა სერგეი ჩემეზოვი, მაქსიმ ტოპილინი ან ალექსეი ჩეპა. ასევე ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურორი ივან გეშევი პარასკევს უკრაინასა და მოლდოვას ეწვია.

ბულგარეთი ასევე იძიებს ბიზნესმენ ემელიან გებრევზე თავდასხმას, რომელშიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის გრუ-ს აგენტები.