მედვედევი: "ჩვენ სრულიად ცინიკურად ვიყენებდით ტვიტერს"

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი. 25 იანვარი, 2023.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება "სრულიად ცინიკურად" იყენებდა სოციალურ ქსელ ტვიტერს თავისი "პროპაგანდისტული მიზნების" განსახორციელებლად.

ასეთ ფორმულირებებს შეიცავს მედვედევის პასუხი სააგენტო RIA Novosti-ს შეკითხვაზე, რომელიც გამოქვეყნდა პოლიტიკოსის ტელეგრამის არხზე. კითხვა იყო იმის შესახებ, რატომ დაბლოკეს მედვედევის ბოლო ტვიტი. ამას რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ სოციალური ქსელი „ზეწოლის ქვეშაა სახელმწიფო დეპარტამენტისა“ და უკრაინელების მხრიდან (მედვედევმა ამ ერის წარმომადგენლების მიმართ დამამცირებელი ტერმინი გამოიყენა). ყოფილი პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ტვიტერს საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა, მაგრამ მის გარეშეც შეუძლია ფონს გასვლა. „ბოლოს და ბოლოს, ეს მხოლოდ უცხოური სოციალური ქსელია, რომელიც მოქმედებს ამერიკული ისტებლიშმენტის ინტერესებით“, - თქვა მედვედევმა და დასძინა, რომ რუსეთის მიზანია დაამარცხოს „ყველა მტერი“ და დაიბრუნოს „ყველა მიწა“, რომლებსაც მან „ჩვენი“ უწოდა.

ტვიტერმა ადრე გააქრო პოსტი მედვედევის ინგლისურენოვან ანგარიშზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ისეთი სახელმწიფო, როგორიც პოლონეთია, „ჩვენთვის არ უნდა არსებობდეს მანამ, სანამ იქ ხელისუფლებაში არავინაა რუსოფობების გარდა“. შემდეგ მედვედევმა გამოაქვეყნა იგივე ჩანაწერი თავის რუსულენოვან ანგარიშზე და მიმართა კორპორაცია ტვიტერის მფლობელს, ილონ მასკს, გაერკვეს ვითარებაში. ტვიტერიდან ეს პოსტიც აიღეს, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება კორპორაციის წესებს.

ამასთან, მასკის დროს შეიცვალა სოციალური ქსელის მოდერაციის პოლიტიკა და ბევრი პოსტი, რომლებსაც ადრე აქრობდნენ როგორც შეურაცხმყოფელს, ახლა აღარ არის დაფარული. მილიარდერი ახლახან გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ტვიტერმა არ შეზღუდა მედვედევის კიდევ ერთი პოსტი, რომელშიც ის წერდა, რომ უკრაინა უნდა დაიშალოს.

მედვედევი იყო ერთ-ერთი პირველი რუსი მაღალჩინოსანი, რომელმაც 2010 წელს შექმნა ტვიტერის ანგარიში. ის მაშინ რუსეთის პრეზიდენტი იყო და „მოდერნიზაციის“ და ინოვაციის მხარდამჭერის რეპუტაცია ჰქონდა. მედვედევი, განსაკუთრებით უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკიდურეს მილიტარისტად წარმოაჩენს თავს, გამუდმებით ემუქრება დასავლეთის ქვეყნებს, ლაპარაკობს ბირთვულ ომზე და იყენებს უკიდურესად ვულგარულ ენას. თუმცა მისი განცხადებების მთავარი პლატფორმა იყო ტელეგრამი და არა ტვიტერი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ტვიტერი რუსეთში დაიბლოკა.