დღეიდან, 1 მაისიდან, გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა შვეიცარია, რომელმაც როტაციის წესით რუსეთი შეცვალა და საბჭოს ერთი თვით უხელმძღვანელებს.
გაეროში შვეიცარიის მუდმივმა წარმომადგენელმა პასკალ ბერისვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობის პერიოდში შვეიცარია იმოქმედებს მისი, როგორც შუამავლის და დიალოგის ხელშემწყობის რეპუტაციიდან გამომდინარე.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, შვეიცარია არაერთხელ იქცა კრიტიკის სამიზნედ იმის გამო, რომ უარი თქვა სხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის შვეიცარიული წარმოების იარაღის გადაცემასა და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცეული რუსული აქტივების გამოყენებაზე უკრაინის აღსადგენად.
ასევე ნახეთ ლავროვის თავმჯდომარეობით გაეროში გამართულ სხდომაზე რუსეთი დაადანაშაულეს ტყუილსა და ცინიზმშიაპრილში გაეროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა რუსეთი, რომელმაც ამ სტატუსით ისარგებლა და საბჭოში გამართა სხდომები საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თავმჯდომარეობით. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სათავეში ჩაუდგა "ტერორისტი სახელმწიფო", რაც ცხადყოფს, რომ საჭიროა საბჭოს რეფორმირება.
გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნიდან 10 პერიოდულად იცვლება. საბჭოში 5 მუდმივი წევრია: რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, რომლებიც ვეტოს უფლებით სარგებლობენ.