თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ჰუსეინ ალ-ყურაში.
30 აპრილს საღამოს, თურქეთის რამდენიმე ტელეარხის ერთობლივ, პირდაპირ ეთერში ერდოანმა თქვა, რომ თურქეთის დაზვერვა ალ-ყურაშის დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, მისი ნეიტრალიზაციის ოპერაცია კი, 29 აპრილს ჩატარდა.
სააგენტო Reuters-ი სირიაში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოპერაცია ჩატარდა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჯანდარისში, რომელსაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები აკონტროლებენ.
აბუ ჰუსეინ ალ-ყურაში „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურად გამოცხადდა ექსტრემისტული დაჯგუფების წინა ლიდერის, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაშის სიკვდილის შემდეგ. 2022 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სირიაში„ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის ადგილსამყოფელს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა მიაკვლიეს და მან თავი აიფეთქა.
ასევე ნახეთ ბაიდენის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის სიკვდილით „აღმოიფხვრა დიდი ტერორისტული საფრთხე“მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ 2017-2018 წლებში, ერაყსა და სირიაში "ისლამური სახელმწიფო" გაანადგურა, ექსტრემისტული დაჯგუფება თავდასხმებს პერიოდულად დღესაც აწყობს. სხვადასხვა მონაცემით, ამჟამად დაჯგუფებაში 6 000-დან 10 000-მდე წევრია.