აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა ახალი საწვიმარი პარკები გაშალეს, მანამდე გაშლილი პოლიციელებმა წაართვეს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლების აქცია. 30 აპრილი, 2023 წელი

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა, რომლებსაც 30 აპრილს პოლიციელებმა წვიმისგან დამცავი პოლიეთილენის პარკები და ტრანსპარანტები წაართვეს, გადაწყვიტეს, რომ აქცია ხვალ, 1 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 13:00 საათზე გამართონ.

მშობლებმა პოლიეთილენის პარკის კვლავ გაშლა, როგორც ამბობენ, პროცესში სახალხო დამცველის ჩარევის შედეგად მოახერხეს. ლევან იოსელიანი აქციაზე მშობლების თხოვნით მას შემდეგ მივიდა, რაც საღამოს აქციის მონაწილე დედებს პოლიციელებმა წვიმისგან თავის დაცვის მიზნით გაშლილი პარკები წაართვეს და მთავრობის ადმინისტრაციასთან დამონტაჟებული რკინის კედლიდან ჩამოხსნეს ტრანსპარანტები წარწერით: „წამალი ბავშვებს“. ასევე პოლიციელებმა მშობლებს არ მისცეს კარვის გაშლის უფლება.

ომბუდსმენის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პოლიციელების ქმედება უკანონო იყო, რადგან „კარავი, პარკი თუ ნებისმიერი ნივთი, რომელიც არ არის საფრთხის მატარებელი, შეიძლება გაიშალოს ადმინისტრაციული ორგანოს მახლობლად“.

„ეს არის დემოკრატიული სტანდარტი, ასე მიმდინარეობს აქციები სხვა ქვეყნებში. ამის უფლება აქვს ყველა ადამიანს, მითუმეტეს იმათ, რომლებიც 2 კვირაა აქ ღამეს ათენებენ და რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა კიდეც“, - განმარტავს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

როგორც მშობლებმა უთხრეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, სახალხო დამცველის მოთხოვნის შემდეგ პოლიციელებმა ახალი პარკების გაშლის უფლება მათ დაახლოებით ორ საათში მისცეს.

მშობლები მოითხოვენ მედიკამენტ „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში შემოტანასა და ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას. მხარდამჭერებთან ერთად, ორი კვირის განმავლობაში მათ უკვე არაერთი აქცია გამართეს.