რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში მოკლული იპოვეს 33 წლის ჯეირან მარღანია. რადიო თავისუფლებას გალში მცხოვრები რესპონდენტი უყვება, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ოკუპირებულ ქალაქ გალში დედასთან და 2 ძმასთან ერთად ცხოვრობდა, ბოლო პერიოდში კი სამუშაოდ გაგრაში იყო წასული. წყაროს ინფორმაციით, ჯეირან მარღანია ტაქსის მძღოლად მუშაობდა, მკვლელობა კი, სავარაუდოდ, 2 დღის წინ მოხდა.
„არასწორია ინფორმაცია, რომ ის ბიზნესმენი იყო და ამიტომ მოკლეს. მდიდარი არ არის ეს ოჯახი. არანაირი ბიზნესმენი ეს ბიჭი არ იყო. ადამიანი რომ ტაქსაობს, რა ბიზნესი უნდა ჰქონდეს?! ბევრ რამეს ამბობენ გალში მის მკვლელობაზე, მაგრამ რეალურად ჯერ არავინ არაფერი იცის. ზოგმა თქვა, ფული მოჰქონდა და ამის გამო მოკლესო, ზოგმა თქვა, ნარკომანები ჩასხდნენ მანქანაში და მათ მოკლესო. საწყალი, ახალგაზრდა დედა ჰყავს ამ ბიჭს. ყვავილების მაღაზია აქვს ამ ქალს“, - ანონიმურობის დაცვით უყვება რადიო თავისუფლებას გალელი რესპონდენტი.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურს ჯეირან მარღანიას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.