წინასწარი შედეგებით, დღეს ჩატარებულ არჩევნებში ყველგან "ქართული ოცნება" იმარჯვებს

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მერობის კანდიდატები და პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატი

დღეს, 29 აპრილს ათ ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" იმარჯვებს. წინასწარი პირველადი შედეგები მედიას ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.

"ეს იყო წინასწარი მონაცემები იმ 117 საარჩევნო უბნიდან, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა", - თქვა მან.

რვა კანდიდატიდან ექვს შემთხვევაში არჩევნები უკონკურენტოდ ტარდებოდა.

პარლამენტის მაჟორიტარის არჩევნები

ფოთი-ხობი-სენაკი

  • № 21 ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1208 ხმა - 4,67%;
  • №41 გიორგი ხახუბია („ქართული ოცნება“) 24 646 ხმა - 95,33%.

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები

გურჯაანი

  • № 41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება“) - 1347 ხმა - 100%.

თიანეთი

  • №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება“) - 345 ხმა - 100%.

ახალციხე

  • № 41 როინი ნებაძე („ქართული ოცნება“) - 463 ხმა - 100%.

ტყიბული

  • №41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება“) - 1321 ხმა - 86,62%;
  • №51 გიორგი გაგოშიძე (საინიციატივო ჯგუფი ) - 204 ხმა - 13,38%.

ქუთაისი

  • № 41 მიხეილი გიორგაძე („ქართული ოცნება“) - 5331 ხმა - 100%.

მერის არჩევნები

ცაგერი

  • №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება“) - 2158 ხმა - 100%.

თერჯოლა

  • №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება“) - 9559 ხმა - 100%.

"ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით გადაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს", - თქვა ცესკოს თავმჯდომარემ ბრიფინგზე.

საქართველოს ათ საარჩევნო ოლქში არჩევნები დამთავრდა - ამომრჩეველს ხმის მიცემა 12 საათის განმავლობაში დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე შეეძლო. იმის გამო, რომ 6 ოლქში მხოლოდ "ქართული ოცნება" მონაწილეობდა, ყველა ხმა - 100% მმართველი პარტიის კანდიდატმა მიიღო.

"რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს კარგად აცნობიერებენ... უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

არჩევნების დღეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე, რომელიც ოპოზიციური პარტია "ლელოს" წარმომადგენელია, ფოთი-ხობი-სენაკის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა. მან თქვა, რომ უბნებზე ხმის ელექტრონულად მიცემის დანერგვა არის "რევოლუციური". მანვე გამოთქვა ეჭვი, რომ უბნებს გარეთ, სავარაუდოდ, გამოყენებული იყო ადმინისტრაციული რესურსი.

გიორგი სიორიძე

"არცერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია [ამ ოლქებში] არ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში, მიუხედავად ამისა შეინიშნებოდა ისეთი შეკრებები, რომელიც კანონით გათვალისწინებულ წესებს არღვევდა... იყო მასობრივი მოყვანა ამომრჩევლის ავტობუსებით... [ერთმანეთს ეძახდნენ] მივეცი ხმა და ასე შემდეგ..." - უთხრა მან ჟურნალისტებს.

ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქებში ჯამში 75 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. უმეტეს მათგანში არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა. კერძოდ, ხობის 24 უბნიდან 19-ში, სენაკის 34 უბნიდან 29-ში, ფოთში კი - 17-ივე უბანში.

ხმის დათვლის პროცესი ფოთი-ხობი-სენაკის ერთ-ერთ უბანში


ქუთაისში, სადაც საკრებულოს დეპუტატს ირჩევდნენ, შუალედურ არჩევნებში ამომრჩევლის დაბალი აქტივობა დაფიქსირდა - ავტოქარხნის ოლქში რეგისტრირებული 26 ათასი ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 5450–მა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 21 პროცენტია.

შუალედური არჩევნები ავტოქარხნის ოლქში სრულად ელექტრონული წესით ჩატარდა. ამ შემთხვევაშიც კენჭიყრაში მხოლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატი, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე, მონაწილეობდა.

დღეს გურჯაანის ორ სოფელში საკრებულოს მაჟორიტარს ირჩევდნენ. ამომრჩევლის აქტივობა 37,2 პროცენტი იყო - 3700-მდე მოქალაქიდან ხმის მიცემის უფლება 1383-მა გამოიყენა.

ხმის მიცემის პროცესი ფოთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, არცერთი საჩივარი არ დაწერილა.

ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 979 ამომრჩევლიდან 468 (47,8%) მივიდა. იქ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა.

ასევე ნახეთ "ხალხის მხარდაჭერას ველოდები" - ამბობს ახალციხის საკრებულოს არჩევნების ერთადერთი კანდიდატი