უკრაინა რადიაციული დაბინძურების შეტყობინების ქსელს ქმნის

დოზიმეტრი და ბირთვული რადიაციის ზონის აღმნიშვნელი ნიშანი; უკრაინა, ჩერნობილის რეგიონი. 9 მარტი, 2017 წელი

აშშ უკრაინას მიაწვდის დოზიმეტრიულ მოწყობილობებს რადიაციული ფონის შეცვლის შეტყობინების სახელმწიფო ქსელის შექმნის მიზნით.

უკრაინის მედია იტყობინება „ნიუ-იორკ ტაიმსის“ პუბლიკაციაზე დაყრდნობით, რომ სენსორები დააფიქსირებს ბირთვული იარაღის ან „ბინძური ბომბის“ გამოყენებას და უშეცდომოდ დაადგენს, თუ ვის ეკუთვნის იარაღი. „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, რომ ომის დაწყებიდან 14 თვის განმავალობაში არაერთხელ გამოითქვა შეშფოთება რუსეთის შესაძლებლობების შესახებ, გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ. ეს შეშფოთება პირველ რიგში უკავშირდებოდა კრემლის მხრიდან „ბირთვულ შანტაჟს“.

სწრაფი რეაგირების ჯგუფი (The Nuclear Emergency Support Team, NEST), რომელიც ბირთვული სფეროს სპეციალისტებისგან შედგება, ახლა უკრაინაშია და იქ განათავსებს რადიაციულ სენსორებს, ადგილობრივ პერსონალს ასწავლის, როგორ გაუწიონ მეთვალყურეობა რადიაციულ ვითარებას და რა უნდა მოიმოქმედონ რადიაციის გაზრდის დროს. სენსორების ქსელით შესაძლებელია ბირთვული მოწყობილობის სიმძლავრის და ზომის, ასევე ადამიანებისა და ბუნებისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბების დადგენა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახალი ხელსაწყოები გარანტიას იძლევა, რომ ზუსტი მონაცემების მიღება შეუძლიათ იმაზეც, თუ საიდან და ვის მიერ განხორციელდა თავდასხმა.

უკრაინას ახლა 15 ბირთვული რეაქტორი აქვს. ბირთვული იარაღის გამოყენების ან ატომური რეაქტორის დაზიანების გამო საგანგებო ვითარების შექმნისას, მომხდარის ზუსტი აღწერილობა უკრაინის ხელისუფლების მიერ სასწრაფოდ გაეგზავნება აშშ-ის მთავრობას. ეს უკრაინას შესაძლებლობას მისცემს, სასწრაფოდ მიიღოს ზომები ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად.