დღეს პირველად, არჩევნები ელექტრონულად ტარდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის იმ ორ სოფელში, სადაც საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებს ირჩევენ. როგორც ადგილზე მყოფი რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ამბობს, ამომრჩეველს დახმარება სჭირდება არა მხოლოდ რეგისტრაციის დროს, არამედ ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცესშიც.
ამ დროს ხმის მიცემის ფარულობა დაცულია.
„პირველად ტარდება ასეთი არჩევნები და საარჩევნო ყუთთან დახმარება დამჭირდა. ამის შემდეგ მეცოდინება და დამოუკიდებლად გავაკეთებ ყველაფერს“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე, დარეჯან ღუღუნიშვილი.
ამომრჩეველს რომ დახმარება სჭირდება, ამაზე საუბრობენ ძირკოკის 21-ე საარჩევნო უბანშიც.
„უფრო მეტად დახმარება და მითითება სჭირდებათ მაშინ, როცა საარჩევნო ყუთთან მოაქვთ ბიულეტენი. ჩემი მოადგილე უხსნის და ეხმარება. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დახმარება სჭირდება უბანზე მოსული ამომრჩევლის ნახევარს მაინც“, - ამბობს ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე ნინო ქვლივიძე.
ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა თქვა, რომ რამდენიმე სარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკურ ხარვეზები დაფიქსირდა, თუმცა მალევე აღმოიფხვრა და ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხებულა.
"ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და აკეთებენ საკუთარ არჩევანს", - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.
კახეთის რეგიონში საკრებულოს შუალედური არჩევნები გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ვეჯინსა და ძირკოკში ტარდება. არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს - მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზურაბ მუხულიშვილი.
ასევე ნახეთ გურჯაანის ორ სოფელში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენდღეს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.
ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.