მარტვილში ცოფიანი ძაღლის დაკბენილი 22 ადამიანიდან ერთს ვერ მიაკვლიეს

საილუსტრაციო ფოტო: ფოტოზე გამოსახული ძაღლი არ არის ის, რომელმაც მარტვილში ადამიანები დაკბინა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ანზორ ქობალიამ რადიო თავსიუფელბასთან საუბარში განაცხადა, რომ მარტვილში ძაღლის მიერ დაკბენილი 22-დან 20-მა ადამიანმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა. ერთმა კი თავისივე სურვილით ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის გაკეთების შემდეგ, მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აუცრელობის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ანზორ ქობალიას ცნობითვე, კიდევ ერთი მოქალაქის მოძიება ჯერ ვერ მოხერხდა.

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ როზა ჯანაშიას თქმით, ძაღლის მიერ დაკბენილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ესენი ძირითადად ერთი დღის დაკბენილები არიან. მათ მაშინვე მიაკითხეს „ევექსის“ კლინიკას ადგილზე. კლინიკა მომარაგებული იყო შესაბამისი ვაქცინით. ამ ადამიანებს უტარდებათ მკურნალობის კურსი. დღეს მათ მესამე ნემსი გაუკეთდათ. მათ თავიდანვე დაენიშნათ სრული კურსი. იმიტომ რომ ჩვენ თავიდანვე გვქონდა ეჭვი, რადგან ამდენი ადამიანი ერთდროულად დაკბინა ძაღლმა... ჩვენ ეს ხალხი ყველა კონტროლზე გვყავს და ვეხმარებით ყველანაირად", - უთხრა რადიო თავისუფლებას როზა ჯანაშიამ.

მარტვილში მიუსაფარმა ძაღლმა 24 აპრილს დაკბინა რამდენიმე ადამიანი ქუჩაში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვეტერინარებმა მყისიერად დაიწყეს შესაბამისი ღონისძიებები. ძაღლი, მეთვალყურეობის მიზნით, გადაიყვანეს ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ცხოველი მოკვდა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას დაუდასტურდა ცოფით დაავადება.

„სააგენტოს ვეტერინარები დღეიდან უკვე ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და თვითმმართველობასთან კოორდინაციით საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი (ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგელი და სხვა). ცოფით ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფი ცხოველის მიერ კბენის, გაკაწრის ან რაიმე სახის კონტაქტის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმ-რაბიოლოგს. ცოფის პრევენცია შესაძლებელია დროული ვაქცინაციით. ცოფის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ დაავადება 100% შემთხვევაში იწვევს სიკვდილს.