კრემლი მიესალმა სი ძინპინის და ზელენსკის სატელეფონო საუბარს, მაგრამ აცხადებს, რომ რუსეთის არმიის მიზნები იგივეა

კრემლის წარმომადგენელი დმიტრი პესკოვი

კრემლმა 27 აპრილს განაცხადა, რომ მიესალმება ყველაფერს, რაც ახლოს მიგვიყვანს უკრაინაში კონფლიქტის დასრულებამდე. შეკითხვას იმის შესახებ, რას ფიქრობს მოსკოვი ჩინეთის ხელმძღვანელის, სი ძინპინის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარზე, კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ უნდა შეასრულოს, როგორც მოსკოვი უწოდებს, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები.

26 აპრილს ჩინეთის და უკრაინის ლიდერებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად გამართეს სატელეფონო საუბარი. კიევს დიდი ხანია სურდა ასეთი საუბარი.

ზელენსკიმ სი ძინპინთან ლაპარაკის შემდეგ თქვა, რომ შეუძლებელია მშვიდობის მიღწევა ტერიტორიული დათმობების ხარჯზე, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს 1991 წლის საზღვრებში. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მშვიდობა უნდა იყოს მყარი და სამართლიანი, დამყარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე და პატივს სცემდეს გაეროს წესდებას. "მშვიდობა ტერიტორიული კომპრომისებით შეუძლებელია", - თქვა ზელენსკიმ.