დააკავეს და ბრალი წაუყენეს რენატა ბეგიაშვილის ყოფილ ქმარს

რენატა ბეგიაშვილი

პოლიციამ დააკავა შალვა იაშვილი, რომელსაც ყოფილი ცოლი რენატა ბეგიაშვილი ძალადობაში ადანაშაულებდა. მას პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა", - წერია განცხადებაში.

შალვა იაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. ის 25 აპრილს დააკავა პოლიციამ.

რენატა ბეგიაშვილი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ძალადობაში ადანაშაულებდა თავის ყოფილ პარტნიორს, შალვა იაშვილს და ამბობდა, რომ არ სურდა პოლიციისთვის მიმართვა გამოძიების მოთხოვნით.

ასევე ნახეთ შსს-მ გამოძიება დაიწყო რენატა ბეგიაშვილზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე

თავად კაცმა, ვის წინააღმდეგაც გამოძიება დაიწყო, ფეისბუკზევე უარყო ძალადობის შემთხვევა, შემდეგ კი ანგარიში წაშალა.