რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო პოზიციები მოაწყვეს უკრაინის არმიისგან მოსალოდნელი კონტრშეტევის გამო. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს, რომ სადგურის რამდენიმე რეაქტორის სახურავზე განთავსებულია ქვიშიანი ტომრები.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან, თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა თავდაცვის ტაქტიკურმა დაგეგმვამ რეაქტორების შენობებიც მოიცვა. ამიტომ, ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, რუსეთს სულ უფრო აშფოთებს უკრაინის მასშტაბური კონტრშეტევის პერსპექტივა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სადგურის გარშემო საბრძოლო მოქმედებების დაწყება ზრდის უსაფრთხოების სისტემების დაზიანების რისკს, თუმცა სახმელეთო ძალების იარაღით რეაქტორებისთვის ზიანის მიყენება ნაკლებად სავარაუდოა მათი კონსტრუქციის სიმტკიცის გამო.
- ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
- რუსეთი და უკრაინა პერიოდულად ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურის მიმდებარე რაიონის დაცხრილვაში.
- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ, უშედეგოდ მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა და იქ საბრძოლო მოქმედებების აკრძალვა.
- ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილის ოკუპაციის და ანექსირებულად გამოცხადების შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ატომური ელექტროსადგურის "ფედერალურ საკუთრებაში მიღების ბრძანება".