უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული უპრეცედენტოდ მძიმე საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსეთს აქვს საკმარისი საშუალებები ომის სულ მცირე, კიდევ ერთი წლით დასაფინანსებლად. ამერიკული დაზვერვის ამ შეფასების ამსახველი დოკუმენტი იყო პენტაგონის საიდუმლო მასალებს შორის, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტსივრცეში გაჟონა.
გრიფით საიდუმლო დოკუმენტის შესახებ ამერიკული გამოცემა Washington Post-ი წერს. ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი სანქციებით გამოწვეულ ეკონომიკურ ზეწოლასთან გასამკლავებლად სულ უფრო მეტად ეყრდნობა კორპორაციული გადასახადების მატებას, სტაბილიზაციის ფონდს, იმპორტის გაზრდას და ახალ პირობებთან ბიზნესის ადაპტირებას.
დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბიზნესელიტაში ყველა არ იზიარებს უკრაინის მიმართ კრემლის კურსს და საერთაშორისო სანქციების გამო ზარალს განიცდიან, პუტინის მხარდაჭერაზე უარს ვერ იტყვიან. ამასთან, Washington Post-ს მოჰყავს ექსპერტთა შეფასებები, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ეფექტიანობა განისაზღვრება ფაქტორების გაცილებით რთული ერთობლიობით, ვიდრე დაზვერვის ანგარიშშია მოყვანილი. მათ შორის, დოკუმენტი არ მოიცავს სანქციების ბოლო პაკეტების ეფექტიანობის და რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების პოტენციური შედეგების შეფასებას.
ასევე ნახეთ FBI-მ პენტაგონიდან დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილი დააკავაპენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების საჯარო სივრცეში გაჟონვის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ 13 აპრილს დააკავა ეროვნული გვარდიის 21 წლის თანამშრომელი ჯეკ ტეიშეირი.