საქართველოს გზებზე, ავარიების გამო წელიწადში საშუალოდ 500-მდე ადამიანი კვდება და 10 000-მდე სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ავტოავარიებში იმდენივე ადამიანი შავდება, რამდენიც ცხოვრობს თიანეთის ან ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში და კვდება იმდენივე, რამდენიც მაგალითად შუახევში ან აბასთუმანში ცხოვრობს.
ფეხით მოსიარულეთა შორის ავარიების გამო ყველაზე ხშირად ბავშვები და მოხუცები იღუპებიან.
თათა 9 წლის იყო, როდესაც ბათუმში მანქანა სკოლიდან სახლისკენ მომავალ გზაზე, ზედ ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა. ბავშვი მოტეხილი ფეხებით უახლოეს კლინიკაში შემთხვევითმა გამვლელებმა, ავარიის თვითმხილველებმა მიიყვანეს. 2 წელი გავიდა და მიუხედავად არაერთი ოპერაციისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციისა, ბავშვი ბოლომდე მაინც ვერ გამოკეთდა, მათ შორის ვერც ფსიქოლოგიურად.
“ფაქტობრივად ხელახლა ისწავლა სიარული. მთელი ეს პროცესი თან საკმაოდ ძვირი ჯდება, თუ მშობელს არ აქვს ამის შესაძლებლობა, შეიძლება ბავშვი დარჩეს შეზღუდული შესაძლებლობებით”, - გვეუბნება თათას დედა, ლელა ჩიქოვანი. მხოლოდ ერთი სეანსი ფიზიკური ვარჯიშისა, რომელიც თათას ისევ სჭირდება, 35 ლარი ჯდება. ამას ემატება ექიმებთან კონსულტაციები, მედიკამენტები, ფსიქოლოგისთვის ფული არც რჩება.
მხოლოდ 2022 წელს საქართველოში 86 ქვეითი დაიღუპა და 1140 დაშავდა. მძღოლი, რომელიც თათას დაეჯახა, 21 წლის კაცი იყო, რომელიც სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ლელა ჩიქოვანი გვეუბნება, რომ ოჯახს არ გაუსაჩივრებია სასამართლოს გადაწყვეტილება, ახალგაზრდა კაცი ციხისთვის ვერ გავიმეტეთო. იმ დროს, როცა სასამართლოში მისი საქმე განიხილებოდა, თათა მკურნალობის გრძელი გზის დასაწყისში იყო.
“დაესიზმრა ვითომ ველოსიპედით დადიოდა… არც კი ვიცი, რა სჯობია ამ დროს… მწარე სიმართლეს შეაგუო თუ შეპირდე, რომ ყველაფერი იქნება…მომენტი, როცა შენც დაბნეული ხარ და თავადაც არ გჯერა, რასაც ამბობ”, - ეს დათის დედის რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული პოსტია ინსტაგრამზე.
8 წლის ბიჭი, რომელიც თბილისის მერიასთან სკოლის ავტობუსს ელოდებოდა, ტროტუარზე ავარდნილმა მანქანამ ერთი წლის წინ ცალი ფეხის გარეშე დატოვა. დათიმ ოცზე მეტი ოპერაცია გადაიტანა, იმდენად მძიმე ტრავმები ჰქონდა, რომ ავარიიდან რამდენიმე თვე მისი გადარჩენის საკითხი ბეწვზე ეკიდა. ყველა ოპერაციის წინ ექიმები მშობლებს აფრთხილებდნენ, რომ არსებობდა ბავშვის სიცოცხლის დაკარგვის რისკი.
“თავის დროზე ისრაელში რომ გვითხრეს, მადლობა თქვით, თუ ამ ბავშვმა ყავარჯნით სიარული შეძლოო, თურმე მართალი ყოფილა… ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ამ ვოქერით სიარული და ყავარჯნის დაჭერაა”, - ესეც დათის მშობლების მიერ ორი კვირის წინ გამოქვეყნებული პოსტია ინსტაგრამზე.
სხვა პოსტებში დედა და მამა წუხან, რომ დაპატარავდა პროთეზი, რომელიც გერმანიაში დაუმზადეს და რომლის მორგებაც საკმაოდ რთული ამბავია, ბავშვს არ უნდა ვარჯიში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქვეა ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორი ბედნიერია დათი კლასელების გარემოცვაში და როგორ ცდილობს მეგობრებთან კალათბურთის თამაშს ეტლში მჯდომი. გვერდი, სადაც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰყვებიან, დაახლოებით 2 თვის წინ გააკეთეს.
“უფრო ყოჩაღად იყო, სანამ ფაქტის წინაშე დადგებოდა და მიხვდებოდა, რომ არ არის ადვილი პროთეზის მორგება და სანამ გაივლის, ჯერ უნდა გახდეს, ივარჯიშოს… ძალიან დაიღალა, ჭრილობის მოვლა, ტკივილები, ფანტომური ტკივილებიც კი აქვს ჯერ კიდევ. არ არის ადვილი, ჭრილობას მაგალითად სულ, მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება მოვლა, ფეხი იმდენად მაღლა აქვს გადაჭრილი, რომ ფაქტობრივად შარდის ბუშტზე აქვს კანი გადაკრული და სულ არის საფრთხე, რომ ინფექციები შეიჭრას ან გართულდეს. კუნთი რომ იყოს, უფრო ადვილი იქნებოდა, ნაკლებად ეტკინებოდა და ეს კანი ძალიან თხელი და ფაქიზია”, - უყვება რადიო თავისუფლებას დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი.
დათი მისი უმცროსი შვილია. მშობლებს ვიდეოკადრებში აქვთ ნანახი, როგორ გადადის ზოლიდან ზოლში დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელიც ჯერ დისტრიბუციის სატვირთო მანქანას შეასკდება, იჭრება ავტობუსების სავალ ზოლში, მერე ტროტუარის დამცავ რკინის ბარიერს არღვევს და ეჯახება ტროტუარზე ხეს, რომლის ქვეშაც ბავშვი სკოლის ავტობუსს ელოდებოდა. მძღოლს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
“მაგ ადგილას როცა გავდივართ, სულ რაღაცას კითხულობს. ეს ქვები ჩემს გამოა მოტეხილი? სისხლი იყო დაღვრილი? ფეხსაცმელები და წიგნები ძირს დაიყარა? პირველმა ვინ გაიგო, რაო, რა თქვა? გუშინ მაგალითად მკითხა, რა სისწრაფით დამეჯახაო? რომ ვუთხარი, რომ არ ვიცოდი, გაუკვირდა, ეგ როგორ არ გამოითვალესო. არაფერი არ ახსოვს საერთოდ, თუმცა გონებაზე იყო, როცა მანქანა დაეჯახა. ფეხი რომ მოწყდა, თურმე ყვიროდა - ჩემი ფეხი, ჩემი ფეხიო. უთქვამს, რომ 8 წლის იყო და ითხოვდა დაეძახათ მისი უფროსი ძმა გიოსთვის, რომელიც სახლში უნდა ყოფილიყო ამ დროს”, - გვიყვება ქრისტინე.
მას ფსიქოლოგმა აუხსნა, რომ დათიმ გლოვის პერიოდი გამოიარა, პერიოდი, როდესაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რაც შეიძლება დაწვრილებით აღედგინა ავარიის დეტალები, სხვანაირად ამ დარტყმისგან გათავისუფლება შეუძლებელია. დათი ახლა რეალობის მიღების ეტაპზე გადავიდა და ეს ოჯახს აშინებს. მათ უნდათ, რომ ბიჭი არ შეეგუოს ეტლში ჯდომას და იპოვოს ძალა ვარჯიშისთვის, ფეხზე დადგომისთვის. ქრისტინე გეგმავს შვილი მშვილდისრის სროლაზე შეიყვანოს, პარალიმპიელების ნაკრებში, თვითონ დათი ამერიკაში წასვლასა და მფრინავობაზე ოცნებობს.
ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის არა მხოლოდ გადასასვლელები და ტროტუარები, არამედ სათამაშო მოედნები.
- 29 მარტს ფონიჭალაში, სათამაშო მოედანზე შევარდნილი ავტომობილი ბავშვებს დაეჯახა - ორი მათგანი საავადმყოფოში აღმოჩნდა.
- 19 აპრილს პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელიც წინა დღეს თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე 15 წლის გოგოს დაეჯახა და შემდეგ მიმალვა სცადა - ბავშვი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.
- 15 იანვარს რუსთავში მანქანა დაეჯახა 6 წლის ბავშვს, რომელიც დედასთან ერთად მიდიოდა ქუჩაში. ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანამ ლავიწის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით მიიყვანა საავადმყოფოში.
რუკა შავი წერტილებით, სადაც აღნიშნული იქნება გზების განსაკუთრებით საშიში მონაკვეთები და გეგმა, როგორ შეიძლება ეს ადგილები შედარებით უსაფრთხო გახდეს, სახელმწიფოს არ აქვს.
ასევე ნახეთ ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტიავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე დიდი ნაწილის მიზეზად შინაგან საქმეთა სამინისტრო სიჩქარის გადაჭარბებას, გასწრების წესის დარღვევას და შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლას უთითებს. წლიდან წლამდე უცვლელად მაღალი რჩება იმ მძღოლების რაოდენობა, ვინც ნასვამი მართავს ავტომობილს. მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში ნასვამმა მძღოლმა 51 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავდა ათასამდე ადამიანი.
ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ბოლო 8 წლის განმავლობაში მხოლოდ 2019-2020 წლებში შემცირდა - ამ დროს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოქმედებდა, მათ შორის, ავტომობილით მოძრაობაზეც. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ათასი საავტომობილო შემთხვევა საშუალოდ ას ადამიანს კლავს და ათასზე მეტს ასახიჩრებს.
2021-დან 2022 წლამდე შემცირებული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა არ ნიშნავს დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის კლებასაც. მაგალითად, თბილისში 2022 წელს ავარიაში გარდაცვალების შემთხვევები 8%-ით გაიზარდა.
“ფაქტიურად უარესი ამბავია, უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინება და კანონის სრულფასოვნად აღსრულება არ ხდება და ამ მოცემულობაში უკეთესი სტატისტიკა ვერ გვექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაღუპულების და დაშავებულების რიცხვი მცირდებოდეს ყოველწლიურად”, - ამბობს ეკა ლალიაშვილი, ორგანიზაციის “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე და ამატებს, რომ სათანადოდ ეფექტური ვერ აღმოჩნდა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის ბოლო წლებში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, იქნებოდა ეს ტექინსპექტირების შემოღება თუ დაჯარიმების ქულების სისტემის დანერგვა.
“ძალიან მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ქულა შეიძლება გაუნულდეს წლის განმავლობაში”, - აზუსტებს ეკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 5 წელიწადში, 2018-დან 2022 წლამდე მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა მხოლოდ 837 ადამიანს გაუნულდა მილიონზე მეტი მძღოლიდან.
დღეს ქულების სისტემა მიბმული არ არის ჭკვიანი კამერების ჯარიმებთან. ქულა მძღოლს მხოლოდ პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმების გამო აკლდება, ჭკვიანი კამერების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს კი მხოლოდ ჯარიმები მოსდევს. ეკა ლალიაშვილი თვლის, რომ ახლა აუცილებელია ჭკვიანი კამერების ჩართვა ქულების სისტემაში. კიდევ ერთი მოსაზრება, რაც ამ სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, დროის მონაკვეთის ზრდაა - თუკი ახლა ქულების განახლება ყოველ ერთ წელიწადში ხდება, შესაძლებელია ვადის გაზრდა ორ წლამდე, რაც მეტ სიფრთხილეს აიძულებდა მძღოლებს, - გვეუბნება გელა კვაშილავა, საგზაო უსაფრთხოების კიდევ ერთი სპეციალისტი.
“პოლონელების გამოცდილებას ვეცნობოდი ამას წინათ და იქ ამან ძალიან კარგი შედეგები მოიტანა. თითქმის ორჯერ შეამცირა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა”, - გვეუბნება გელა კვაშილავა.
უბედური შემთხვევების უცვლელად ცუდ სტატისტიკას ის რამდენიმე მიზეზით ხსნის: მაღალი სიჩქარე ურბანულ სივრცეებში, მოძველებული ავტოპარკი, ცუდი საგზაო ინფრასტრუქტურა და დასახვეწი კანონმდებლობა.
კიდევ ერთი პრობლემა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, სატრანსპორტო დანაშაულების გამო დაწყებული გამოძიების არაეფექტურობაა. ათასობით საგზაო შემთხვევიდან გამოძიება საშუალოდ დამნაშავეების 30%-ს პოულობს. იმ შემთხვევებშიც კი, როცა საგზაო შემთხვევა მსხვერპლით მთავრდება, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 40%-ს არ აღემატება.