სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ტოვებს ICC-ს, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა

მარცხნიდან: ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი BRICS-ის სამიტზე. იოჰანესბურგი, 26 იანვარი, 2018.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ სამშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველმა აფრიკულმა ნაციონალურმა კონგრესმა (ANC) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანამ დატოვოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC).

გასულ თვეში ICC-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეტორიას, რომელიც მასპინძლობს ორგანიზაცია BRICS-ის წლევანდელ სამიტს, პუტინი უნდა დაეკავებინა, როცა ის შეხვედრაზე ჩავიდოდა.

„დიახ, მმართველი პარტია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ICC-დან სამხრეთ აფრიკის გასვლა გონივრული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა რამაფოსამ ფინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პრეტორიას ათწლეულების მანძილზე მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან. თავის დროზე კრემლი მხარს უჭერდა ANC-ის ბრძოლას აპართეიდის რეჟიმის წინააღმდეგ.

გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ საჯაროდ არ დაგმო მოსკოვის ქმედებები და განაცხადა, რომ მას სურს ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს და რომ დიალოგს ამჯობინებს შეიარაღებული კონფლიქტის დასასრულებლად. რამაფოსამ თქვა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ მიუმხრობლობის პოზიცია დაიკავა თავისი როგორც შუამავლის როლის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ის არაერთხელ ესაუბრა პუტინს და დაჟინებით მოითხოვდა, რომ აუცილებელია მოლაპარაკებები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის თაობაზე კრემლის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდების შემდეგ. კითხვაზე, დააპატიმრებს თუ არა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა რუსეთის პრეზიდენტს, სირილ რამაფოსამ თქვა, რომ „ეს საკითხი განიხილება“. ამასთან, ANC-ის გენერალურმა მდივანმა ფიკილე მბალულამ განაცხადა, რომ „პუტინს ნებისმიერ დროს შეუძლია ქვეყანაში ჩასვლა“.

„ICC ემსახურება არა ყველას, არამედ მხოლოდ ზოგიერთების ინტერესებს“, - ხაზგასმით აღნიშნა ფიკილე მბალულამ. ამავე დროს, France-Presse-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ICC-დან გასვლას ცდილობს.