"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევით, გამოკითხული მოსახლეობის 89% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მათგან 75% საქართველოს ევროინტეგრაციას "სრულად", ხოლო 14% "ნაწილობრივ" უჭერს მხარს.
გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის მხოლოდ 5% ეწინააღმდეგება "მკვეთრად" ევროკავშირში გაწევრიანებას.
ამასთან, საკვლევ კითხვაზე, "რა იქნება მთავარი სარგებელი, თუკი საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში?" - გამოკითხულთა 45% პასუხობს - "ეკონომიკის გაძლიერება".
ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარ დაბრკოლებად გამოკითხული მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი (34%) "პოლიტიკურ არასტაბილურობას" ასახელებს, შედარებით ნაკლები (17%) ამბობს, რომ ამის მიზეზი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა.
კვლევის მიხედვით, გაზრდილია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანების მხარდამჭერების რიცხვიც (80%). გამოკითხულთა 65% "სრულად" უჭერს მხარს NATO-ში გაწევრიანებას, 15% კი - "ნაწილობრივ".