რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს "ტერორისტულ აქციაში" და ექსპორტის დაბლოკვით ემუქრება

საილუსტრაციო ფოტო. საავიაციო-სარემონტო ქარხანა რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში

რუსეთმა არ გამორიცხა, რომ უარს იტყვის უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის მიზნით, გაეროს და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გაგრძელებაზე. მისი მოქმედების ვადა 18 მაისს იწურება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა დაადანაშაულა 23 მარტს და 24 აპრილს სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთ პუნქტსა და ყირიმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე „უეკიპაჟო კატერებით“ შეტევის მცდელობაში. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მოძრაობის მარშრუტის ანალიზმა აჩვენა, რომ უკრაინამ ეს საშუალებები გაუშვა ოდესის პორტის აკვატორიიდან, რომელიც შეთანხმების მიხედვით, გამოყენებული უნდა იყოს ჰუმანიტარულ დერეფნად აგროპროდუქციის ექსპორტისთვის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „კიევის რეჟიმის ტერორისტული აქციები საფრთხის ქვეშ აყენებს მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას 18 მაისის შემდეგ“. უკრაინას რუსეთის ამ ბრალდებისთვის პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.

ასევე ნახეთ პუტინისთვის მიწერილ წერილში გაეროს ხელმძღვანელი გამოდის წინსვლის გზის იდეით უკრაინის მარცვლეულის შეთანხმებაზე

რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა 24 აპრილს, გამთენიისას ტელეგრამით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სევასტოპოლზე იყო შეტევა "წყალზედა დრონებით". შუადღის შემდეგ, მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "კიევის რეჟიმმა" სცადა სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის პუნქტისთვის შეეტია სამი "უეკიპაჟო კატერით" და ყველა მათგანი განადგურებულია.

  • უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას.
  • გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
  • შეთანხმების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა და ამჯერად 18 მაისს იწურება.