დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის პოლიტიკა მკაცრად დაგმეს ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით, 24 აპრილს გაიმართა. აპრილში უშიშროების საბჭოს, როტაციის წესით, რუსეთი თავმჯდომარეობს.
რუსეთის მიერ ორგანიზებული დებატების თემა იყო გაეროს წესდების და მრავალმხრივობის პრინციპის დაცვა. სხდომაზე გამოსვლისას ლავროვმა დასავლეთს უწოდა "უმცირესობა", რომელსაც არ აქვს "მთელი კაცობრიობის სახელით ლაპარაკის" უფლება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში ომის გამო აშშ და მისი მოკავშირეები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დღეს მსოფლიო მიუახლოვდა სახიფათო და შესაძლოა, ცივი ომის პერიოდზე უფრო სახიფათო ზღვარსაც კი. ლავროვმა ისევ გაიმეორა, რომ რუსეთის მიზანია "კიევის რეჟიმის" მიერ ადამიანების განადგურებისგან დაცვა და ნატოსგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილება.
აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა რუსეთს ბრალი დასდო უპასუხისმგებლობაში, უკრაინის წინააღმდეგ ომს უწოდა უკანონო, არაპროვოცირებული და უსარგებლო და განაცხადა, რომ რუსეთს სურს, გაეროს წესდების დარღვევით შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები. ამერიკელმა დიპლომატმა გაეროს რეფორმირებისკენ მოუწოდა, რასაც მხარი დაუჭირეს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იაპონიამ.
დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ბარბარა ვუდვორტმა ტყუილი უწოდა რუსეთის განცხადებებს „უკრაინული ნაციზმის“ და „ბიოლაბორატორიების“ შესახებ და ყველა სხვა „არგუმენტსაც“, რომელიც რუსეთს აქვს უკრაინის წინააღმდეგ ომის გასამართლებლად. საფრანგეთის წარმომადგენელმა ნიკოლა დე რივიერმა გაეროს უშიშროების საბჭოს შეახსენა, რომ რუსეთს ადრეც დაურღვევია საერთაშორისო სამართალი. ფრანგმა დიპლომატმა ამის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა 2008 წელს საქართველოში რუსეთის ჯარის შეჭრა.
გაეროში ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა ულოფ სკუგმა 27-ივე წევრი სახელმწიფოს სახელით განაცხადა, რომ ცინიზმია, როცა რუსეთი ცდილობს, თავი წარმოაჩინოს გაეროს წესდების და მრავალმხრივობის პრინციპის დამცველად. დიპლომატმა რუსეთს შეახსენა გაეროს გენერალური ასამბლეის მოთხოვნა, უკრაინიდან სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო გაეროში რუსეთის დელეგაციისთვის „ცივი შხაპის“ მოწყობის გეგმის რეალიზება, - ამის შესახებ, როგორც რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, ჟურნალისტებს ბელარუსის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვალენტინ რიბაკოვმა განუცხადა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ.
ასევე ნახეთ გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთი გააკრიტიკა ლავროვის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზეგაეროს უშიშროების საბჭოში ლავროვის ხელმძღვანელობით სხდომა 25 აპრილსაც გაიმართება, ამჯერად, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების მოგვარების საკითხზე.
2023 წლის 1 აპრილიდან, ერთი თვით, გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა რუსეთი, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო ადანაშაულებენ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საბჭოს სათავეში ჩაუდგა "ტერორისტი სახელმწიფო", რაც ცხადყოფს, რომ საჭიროა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება.
გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნიდან 10 პერიოდულად იცვლება. საბჭოში 5 მუდმივი წევრია: რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, რომლებიც ვეტოს უფლებით სარგებლობენ.