მშვიდობა თუ თავისუფლება?

ავტორი: ირაკლი ჯავახიშვილი

“სახიფათო თავისუფლება მირჩევნია მშვიდობიან მონობას”, ასე სწერდა 1787 წლის 30 იანვარს ამერიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა, დამოუკიდებლობის დეკლარაციის (1776) მთავარი ავტორი და შეერთებული შტატების მე-3 პრეზიდენტი (1801-1809), თომას ჯეფერსონი თავის წერილში ჯეიმს მედისონს... დღესაც რამდენი ადამიანი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამ ერთი შეხედვით უსათუო ჭეშმარიტებას! შორს რომ აღარ წავიდეთ, ამ მოსაზრების გასამყარებლად საკუთარი ქვეყნისა და მის მმართველთა მაგალითიც საკმარისია...

მართლაც, რომელი მათგანი უფრო დიდი ღირებულებისა და მიზნის მქონეა - მშვიდობა თუ თავისუფლება? სახარებისეული თითქოსდა პაციფისტური განწყობაც რომ შეგვახსენონ, ერთგან ქრისტე მაინც ამბობდა: “ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა” (მათე 10, 34). ეს სიტყვები ქრისტეს დღეს რომ ეთქვა, ალბათ მასაც ომის აპოლოგეტად გამოაცხადებდა მავანი. ხშირად ისეც ხდება ხოლმე, რომ მშვიდობა მონობად გადაიქცევა - ესაა ყველაზე უარესი შედეგი, რაც შეიძლება მას მოჰყვეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ “თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ; მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს” (გალატელთა 5, 1).

კაცობრიობას თავისუფლების სული ძლიერად შთაბერეს ბერძნებმა... შემდეგ აღორძინებამ და განმანათლებლობამ კიდევ ერთხელ და ახალი ძალით შეახსენა იგი ადამიანებს. მაშინ, როდესაც თომას ჰობსი უსაფრთხოების (რომელიც მშვიდობის თანმდევია) გამო გარკვეული თავისუფლების დათმობას ითხოვდა, კლასიკური ლიბერალიზმის მამას, ჯონ ლოკს ძირეულ ბუნებით უფლებებს შორის მშვიდობა არ მოუხსენიებია, არამედ - სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება. მისთვის მშვიდობა არ წარმოადგენდა ძვირფას ღირებულებას, არამედ - თავისუფლება! …ზოგიერთი ეკლესიის სწავლებაში წინა პლანზე მშვიდობა და სამართლიანობაა წამოწეული, ცხადია ჭეშმარიტების და სიყვარულის (გულმოწყალეობის) გვერდით. ცხადია, ყველა ამის შემდეგ მოდის ადამიანის თავისუფლება, რომელიც, თავის მხრივ, გარკვეული ხარისხით უნდა შეიზღუდოს (მისი ინდივიდუალისტური პერსპექტივის გამო). ცხადია, აქ ამ საკითხის დეტალურად განხილვა შეუძლებელია, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეკლესიას თავისი მიზეზები და მიზნები გააჩნია ამგვარი სწავლების გაჟღერებისას.

ბენჟამინ ფრანკლინის რწმენით, “ნებისმიერ საზოგადოება, რომელიც თუნდაც მცირედ თავისუფლებას დათმობს მცირედი უსაფრთხოების მისაღებად, ვერცერთს დაიმსახურებს და ორივეს დაკარგავს”. მარტივად რომ ვთქვათ, მშვიდობის სახელით თავისუფლებაზე უარის თქმა დამღუპველია როგორც ცალკეული ინდივიდისათვის, ისე მთლიანი საზოგადოებისათვის. ამიტომ, როდესაც პიროვნება, განსაკუთრებით კი ხელისუფალი, მშვიდობას აყვედრებს ხალხს, თავისუფლებას კი საფრთხის ქვეშ აყენებს, იგი ამ ე.წ. მშვიდობასაც დაკარგავს და თავისუფლებასაც გამოეთხოვება.