აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა თავისუფლების მოედანზე გზა გადაკეტეს

თბილისი. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების და მხარდამჭერების აქცია

თავისუფლების მოედანზე რამდენიმე წუთით საავტომობილო გზა გადაკეტეს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა და აქციის სხვა მონაწილეებმა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მყოფმა მშობლებმა მსვლელობის მოწყობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მოისმინეს.

წელიწადზე მეტია, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები პრეპარატ „ვოსორიტიდის" შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. მშობლების ნაწილი ბოლო რამდენიმე დღეა, ღამითაც რჩება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან.

მშობლები ამჟამად კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან და აცხადებენ, რომ აქციას 25 აპრილსაც გამართავენ.

თბილისი. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების და მხარდამჭერების მსვლელობა

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ისევ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ "ქვეყანა, სადაც ეს წამალი გამოიგონეს, თავად არ აფინანსებს".

ასევე ნახეთ თითქოს წამალი რომ მივცეთ, ყველაფერი შეიცვლება - ღარიბაშვილი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებზე

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს წამალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის და მის მიღებას მხოლოდ 14-16 წლის ასაკამდე აქვს შედეგი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, "ვოსორიტიდის" საქართველოში შემოტანის პროცედურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის თუნდაც რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება ამ მედიკამენტით პაციენტების უზრუნველყოფა.

ასევე ნახეთ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებისთვის პრემიერის განცხადება მიუღებელია - ისინი ისევ შეხვედრას მოითხოვენ