ევროკავშირის საბჭომ მოლდოვაში მიავლინა პარტნიორული მისია - ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფონზე, როცა მოსკოვი ჰიბრიდული ქმედებებით განაგრძობს კიშინიოვის დესტაბილიზაციის მცდელობას, ნათქვამია ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.
"ჩვენ ვაძლიერებთ ევროკავშირის მხარდაჭერას მოლდოვის მიმართ, მისი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დასაცავად. ამ ახალი მისიის განვითარება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნიშანს ევროკავშირის მხარდაჭერისა ამჟამინდელ რთულ გარემოებებში", - ამბობს ბორელი.
მისია შედგება სამოქალაქო სპეციალისტებისგან, რომლებიც ორი წლის განმავლობაში იმუშავებენ მოლდოვის ტერიტორიაზე. განცხადების თანახმად, მისიის მიზანი იქნება ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის გამძლეობის გაზრდა და წინააღმდეგობის გაწევა ინფორმაციით მანიპულირების მცდელობებისთვის.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ თებერვალში ისაუბრა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის რუსეთის გეგმაზე. სანდუს თქმით, მოსკოვს სურს, ქვეყნის სათავეში თავისი ძალები მოიყვანოს. რუსეთის მიზნებზე მოლდოვის სტრუქტურებს შეატყობინეს კოლეგებმა უკრაინის სპეცსამსახურებიდან. სანდუს თქმით, რუსეთის მიზნებია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და მოლდოვის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაია სანდუს განცხადებებს უწოდა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი და უკრაინას ბრალი დასდო ვითარების დაძაბვაში და კიშინიოვის ჩათრევის მცდელობაში "მწვავე კონფრონტაციაში რუსეთთან".