გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთი გააკრიტიკა ლავროვის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე

ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შეხვედრას - რომელიც იმართებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით - 24 აპრილს უთხრა, რომ მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრა იწვევს "მასობრივ ტანჯვას და ნგრევას უკრაინაში და მის ხალხში" და ხელს უწყობს "გლობალურ ეკონომიკურ რყევებს, რომლებსაც COVID-19-ის პანდემიამ მისცა ბიძგი".

"ძლიერ [ქვეყნებს] შორის დაძაბულობა ისტორიულად მაღალია. ასეთივეა კონფლიქტის საფრთხეები - არასწორი ნაბიჯების ან არასწორი გათვლების შედეგად", - თქვა გუტერეშმა, რომელიც მაგიდასთან ლავროვის გვერდით იჯდა.

ლავროვი უშიშროების საბჭოს შეხვედრას ხელმძღვანელობდა იმიტომ, რომ ამჟამად რუსეთია ამ 15-წევრიანი ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარე. ეს პოზიცია თვეში ერთხელ იცვლება.