ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მისი პოზიცია ყირიმის მიმართ არ შეცვლილა და პატივს სცემს ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი მოჰყვა საფრანგეთში ჩინეთის ელჩის, ლუ შაის განცხადებას, რომ არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომლითაც განმტკიცებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების, როგორც სუვერენული სახელმწიფოების სტატუსი. გასულ კვირაში, ფრანგულ ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა ისიც თქვა, რომ ყირიმი რუსეთის იყო და საბჭოთა პერიოდში უკრაინას აჩუქა ნიკიტა ხრუშჩოვმა.
ჩინელი დიპლომატის ამ ინტერვიუს მკვეთრად უარყოფითი რეაქციები მოჰყვა უკრაინის და ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან, რომელთა შორის არიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც: ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მიუღებელია ჩინეთის ელჩის გამონათქვამები, რითაც მან ეჭვქვეშ დააყენა სუვერენიტეტი იმ ქვეყნების, რომლებმაც 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ეს არ ასახავს ჩინეთის ოფიციალურ პოლიტიკას.
დღეს, 24 აპრილს, რუსულმა სააგენტო „ტასმა“ გამოაქვეყნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მაო ნინის კომენტარი, რომ ყირიმის საკითხში ჩინეთის პოზიცია არ შეცვლილა, ხოლო რაც შეეხება სუვერენიტეტს, პეკინის პოზიცია ყოველთვის მკაფიო იყო - ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს გაეროს წესდების მიზნებს და პრინციპებს.
ჩინეთს, რომელსაც კრემლი თავის მოკავშირედ მიიჩნევს, რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორიად ოფიციალურად არ უღიარებია.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაო ნინის განცხადებით, პეკინი პატივს სცემს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სუვერენიტეტს და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.