რუსთაველები სასმელი წყლის სტაბილურად მიწოდებას ითხოვენ

საპროტესტო აქცია რუსთავის მერიის შენობასთან. 22 აპრილი, 2023 წელი

სასმელი წყლის სტაბილურად მოწოდება მოითხოვეს რუსთაველებმა საპროტესტო აქციაზე 22 აპრილს, რუსთავის მერიის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. პროტესტი სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

აქციის მონაწილემ, აქტივისტმა გივი შანიძემ განაცხადა, რომ ისინი კომპანია "რუსთავის წყლისგან" 24-საათიან წყალმომარაგებას ითხოვენ

"მოვითხოვთ, რომ კომპანიამ, როგორც ადრე დაგვპირდა, მდინარე ხრამზე არსებული სათავე ნაგებობის ნახვის უფლება მოგვცეს, რათა დავრწმუნდეთ იქ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობაში", - თქვა გივი შანიძემ.

აქციის მონაწილეებმა, ასევე მოითხოვეს კომპანიის მიერ აბონენტებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გასაჯაროება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

"რუსთავის წყალი" პრაქტიკულად ყოველდღე აქვეყნებს განცხადებას ქალაქის ამა თუ იმ უბანში წყლის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. მიზეზად წყლის გამანაწილებელ ქსელზე სარეაბილიტაციო ან ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასახელებს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მაგდა ბატიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, დილაობით, როცა სამსახურში მიდის, წყალი არ აქვს.

"წარმოუდგენელია ასე ცხოვრება. გუშინ თავად კომპანიას დავურეკე და ნებისმიერი ფორმით სასმელი წყლით უზრუნველყოფა მოვთხოვე. ვალდებულები არიან", - თქვა მაგდა ბატიაშვილმა, რომელიც რუსთავის მარჯვენა სანაპიროზე ცხოვრობს.

გასულ წელს რუსთავის მერიის ოფიციალური მიმართვისა და ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე, სემეკმა GWP -ს, რომლის საკუთრებაშიც "რუსთავის წყალია", მოძველებული ქსელის რეაბილიტაციისთვის ინვესტიციის განხორციელება დაავალა.

მფლობელმა კომპანიამ 30 მილიონი ლარი გამოყო სასმელი წყლის სისტემის განახლების ორწლიანი პროგრამის რეალიზებისთვის. ერთი თვის წინ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ GWP-ს ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ისე წარმართვა მოითხოვა, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შექმნოდა.