ქარელის სოფელ ჭვრინისის მკვიდრი, რომლის გატაცება საოკუპაციო ძალებმა სცადეს, კლინიკაში გადაიყვანეს

სოფელი ღოღეთი, საოკუპაციო ხაზი. 26 აპრილი, 2021 წელი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მცხოვრები, რომლის გატაცება გუშინ საოკუპაციო ძალებმა სცადეს, კლინიკაში გადაიყვანეს. რადიო თავისუფლებას გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, რომ კაცი ქარელის კლინიკა "ალიანს მედიშია" გადაყვანილი.

ჟურნალისტებთან საუბარში ჭვრინისის მცხოვრები ჰყვება, რომ ის ქმართან ერთად საქონელს აძოვებდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები თავს დაესხნენ: "მცდელობა ჰქონდათ გატაცების, მაგრამ ჩვენ დავძლიეთ, გამოვიქეცით, დიდი მანძილი ვირბინეთ, ამის შემდეგ ჩემი მეუღლე დაიჭირეს, წააქციეს და ცდილობდნენ ხელები გაეკოჭათ, ფეხებთანაც დაგვახალეს ორჯერ. ვყვიროდი, რომ ეშველათ მეზობლებს, ვინმეს ხმა გაეგონა. ჩემს მეუღლეს კონდახი აქვს ჩარტყმული, წარბი აქვს გახეთქილი, თავი აწუხებს საშინლად და ცუდად არის".

ჭვრინისელების გატაცების მცდელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 21 აპრილს სუსმა გაავრცელა. მათი თქმით, საოკუპაციო ძალებმა სცადეს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება, რომლებმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

"პოლიციის თანამშრომლების დაუყოვნებლივ გამოჩენისთანავე რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სწრაფად დატოვეს ტერიტორია.

ამჟამად მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრება. მოქალაქეები გამოკითხვის მიზნით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან",
- აცხადებს სუსი.

ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი; ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.