ნიუ-იორკში მდებარე ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) და 10 ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ძალაუფლება და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ჟურნალისტი ნიკა გვარამია.
„როგორც ადამიანი, რომელიც მოწოდებულია დაიცვას საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია, თქვენ აღიარებთ, რომ შურისძიების მიზნით ჟურნალისტის პატიმრობა თქვენი ქვეყნისთვის შემაშფოთებელი გარდატეხის მომასწავებელია. მას შემდეგ, რაც 1992 წლიდან ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების შესახებ მონაცემების შედგენა დაიწყო, საქართველოში არცერთი ჟურნალისტი არ დაფიქსირებულა გისოსებს მიღმა. გვარამიას საპატიმროში ყოფნა, რაც საქართველოს ერთ რიგში აყენებს პოსტსაბჭოთა ევრაზიის რეპრესიულ, ავტორიტარულ სახელმწიფოებთან - ზიანს აყენებს თქვენი ქვეყნის რეპუტაციას“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ ავტორიტეტული ჟურნალისტთა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები:
- ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი;
- მე-19 მუხლი;
- ევროპელი ჟურნალისტების ასოციაცია (AEJ);
- პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF);
- ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია (EFJ);
- ჰიუმან რაითს ვოჩი (HRW);
- ჟურნალისტური სამართლიანობის ფონდი;
- ცენზურის ინდექსი;
- საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI);
- საერთაშორისო პენკლუბი (PEN International);
- რეპორტიორები უსაზღვრებოდ (RSF).
მიმართვის ავტორები შეახსენებენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ იმ 12 პრიორიტეტს შორის, რომელთა შესრულებაზეც არის დამოკიდებული საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, ევროკომისიამ შეიტანა მოთხოვნა, რომელიც გვარამიას საქმეზე ნათელი მინიშნებაა. „მასობრივი ინფორმაციის საშუალების მფლობელის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები ყველაზე მაღალ სამართლებრივ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს...ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციისკენ", - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვაში.
საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია შეიწყალოს პატიმრობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რა ტიპის დანაშაული აქვს ჩადენილი.
ასევე ნახეთ
ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებაზე: არანაირი პერსონალური არ არისმარტის ბოლოს „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არავის მიმართ არ აქვს პიროვნული წყენა, მაგრამ დასძინა, რომ არავის აქვს უფლება, პრეზიდენტს მიუთითოს შეწყალებაზე.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2022 წლის 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მათი გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე.
- ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 2022 წლის 9 ივნისს მიიღეს.