აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც მეორე დღეა, მთავრობის კანცელარიასთან მართავენ აქციას, ამბობენ, რომ დღეს ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს შეხვდებიან. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჟურნალისტებთან აღნიშნავს, რომ მინისტრმა დღეს, 8 საათისთვის, შეხვედრაზე 4-5 მშობელი დაიბარა.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, მივალთ შეხვედრაზე, მაგრამ შეხვედრის ძირითადი დასასრული უნდა იყოს ასეთი: ან შემოაქვთ ეს მედიკამენტი ("ვოზორიდიტი") ჩვენი შვილებისთვის მაქსიმუმ ერთ ან ორ თვეში, ან გვეუბნებიან უარს და გვისაბუთებენ, თუ რატომ ვერ შემოაქვთ, რატომ არის საქართველო უძლური, რომ დაცული იყოს ბავშვების ჯანმრთელობის უფლება ისე, როგორც დაცულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მშობლებმა გუშინდელი ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ოთხი თვეა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსგან მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის, Voxzogo-ს (გენერიკული დასახელებით „ვოსორიტიდი“) დაფინანსებას ამაოდ მოითხოვენ.
არაერთი თხოვნის წერილი დაიწერა, შედგა პეტიციაც, თითქოს დახმარების დაპირებაც მიიღეს, მაგრამ წამლის შესყიდვის საკითხი არ გადაწყვეტილა.