გერმანიის მთავრობა მარიხუანის ლეგალიზებასთან ერთად პროფილაქტიკური კამპანიის ჩატარებას გეგმავს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა განაცხადა, რომ კანაფის ნარკოტიკული პროდუქტის დაგეგმილ ლეგალიზებას თან უნდა ახლდეს პროფილაქტიკური კამპანია. ამ კამპანიის მიზანია, განუმარტოს მომხმარებელს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ნარკოტიკის გამოყენების უარყოფითი შედეგები.

"გერმანიის მმართველ კოალიციაში (სოციალ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი დემოკრატიული პარტია და მწვანეები) სრულიად ერთსულოვანი ვართ, რომ განსაკუთრებით ბავშვების და ახალგაზრდების სფეროში საჭიროა საგანმანათლებლო ზომების „განსაკუთრებული გაძლიერება“, - უთხრა მინისტრმა „შპიგელს". მისი თქმით, უნდა განემარტოთ ბავშვებს და ახალგაზრდებს, რომლებიც კანაფის მოწევას იწყებენ, რომ მათ ბევრად უფრო ნაკლები შანსი აქვთ, მოიპოვონ ზოგადი განათლების ატესტატი, რადგან მომხმარებლები ნაკლებად სწავლობენ და ნარკოტიკისადმი დამოკიდებულებას თავს ვერ აღწევენ. გერმანიის მთავრობის გეგმის თანახმად, მომავალში მოზრდილებს ექნებათ უფლება, ჰქონდეთ 25 გრამი მარიხუანა. კანონსაწინააღმდეგო არ იქნება ასევე კანაფის სამი მცენარის ქონა. გერმანიის მთავრობა ამასთან აპირებს, შესაძლებელი გახადოს ნარკოტიკის მოყვანა და გაცემა ე.წ. კანაფის კლუბებში.

გამოკვლევები ადასტურებს კანაფის მავნე გავლენას სწავლაში წარმატებაზე. მაგალითად, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში ჩატარებული კვლევების შედეგებით, 12-დან 17 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც კანაფს ყოველდღიურად მოიხმარენ, ბევრად იშვიათად ახერხებენ სკოლის დამთავრებას. მათი შანსი, მოიპოვონ ატესტატი, 60 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე მათი, ვინც არ მოიხმარს კანაფს. მცირდება ასევე წარმატებული უმაღლესი განათლების მიღების პერსპექტივა.