ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში: კონფლიქტის რეგიონებში კვლავაც ირღვევა ადამიანის უფლებები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. თბილისი, 11 ნოემბერი, 2019.

19 აპრილს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის ზოგადი ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც თბილისი ვერ აკონტროლებს.

ანგარიშში, რომელიც წელიწადში ორჯერ ქვეყნდება და მოიცავს პერიოდს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, ხაზგასმულია, რომ იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც გავლენა მოახდინა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის შეიარაღებულმა კონფლიქტმა, კვლავაც არასაკმარისი წინსვლა შეინიშნება ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით. კვლავაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს გადაადგილების თავისუფლებისა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვები.

იმ პირობებში, როცა რუსეთის ფედერაცია აბრკოლებს რეგიონში კონფლიქტის მოგვარებას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია დიალოგისთვის ხელის შეწყობისა და შერიგებისკენ, „რათა საქართველოს კუთვნილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთელს მოსახლეობას მიუწვდებოდეს ხელი სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებასა და სხვა სოციალურ შეღავათებზე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ოთხშაბათს გამოაქვეყნა ევროპის საბჭომ.

გენერალური მდივნის ანგარიშში საუბარია ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევაზე. მასში აღნიშნულია, მაგალითად, რომ არქივების სპეციალისტები ე.წ. „ადმინისტრაციული საზღვრის“ ორივე მხარეს განაგრძობდნენ ონლაინ რეჟიმში მუშაობას და პირადადაც შეხვდნენ ერთმანეთს პირველად Covid-19-ის პანდემიის შემდეგ.

გაწეულ იქნა მუშაობა იმ ფსიქოლოგებს შორის დიალოგისთვის ხელის შესაწყობად, რომლებიც სპეციალიზებული არიან ომის ტრავმებზე და გენდერულ საფუძველზე ძალადობის თავიდან აცილებაზე „ადმინისტრაციული საზღვრის“ ორივე მხარეს.

ანგარიშის თანახმად, შემდგომ ინიციატივებზე მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მინისტრთა კომიტეტის წინაშე მისი პერიოდული ანგარიშები საქართველოში კონფლიქტის შესახებ კვლავაც პრიორიტეტული რჩება.

საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი 2010 წლიდან აქვეყნებს ანგარიშებს.

უკანასკნელი ანგარიში კერძოდ ემყარება ფაქტების გაცნობის მისიას, რომელიც 13-14 თებერვალს შედგა თბილისში. ევროპის საბჭოს დელეგაციას ასევე საშუალება ჰქონდა, ვითარებას დაჰკვირვებოდა „ადმინისტრაციული საზღვრის“ რეგიონში.

გენერალური მდივნის დღევანდელ ანგარიშში განხილულია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ორ სახელმწიფოთაშორის საქმესთან დაკავშირებით. ერთია „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II“, რომელიც ეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებს. მეორეა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ I“, რომელიც ეხება 2006-2007 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, დაპატიმრებასა და მათ გამოძევებას.

20 აპრილს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ IV“, რომლის თაობაზე 2018 წლის აგვისტოში შეიტანა სარჩელი საქართველოს მთავრობამ. ის ეხება აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „ადმინისტრაციული საზღვრის“ გასწვრივ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას.