საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, გამოიძიოს სასამართლო სისტემაში კორუფციის შესახებ ბრალდებები, რომლებიც წლებია ცნობილია. ამით ელჩი გამოეხმაურა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრის ჩაშლას.
ჟურნალისტებთან კომენტარში მან, ასევე აღნიშნა, რომ აშშ ყოველთვის მოუწოდებდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტი ქართველი ხალხის, ამომრჩევლის საჭიროებებზე სამუშაოდ გამოეყენებინათ და, რომ არასდროსაა სასარგებლო საპარლამენტო სესიებისთვის ბოიკოტის გამოცხადება.
"ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ გამოიძიოს კორუფციის ის ბრალდებები მართლმსაჯულების სისტემაში, რაც წლებია ფართოდ ცნობილია. მინდა, ასევე ნათელი მოვფინო ერთ საკითხს, რადგან განცხადება გაკეთდა, რომ ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებულები. ამ საკითხში არანაირი შეცდომა არაა, აშშ სრულიად დარწმუნებულია, რომ არსებობს ამ სავიზო სანქციების საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ოთხი ადამიანი ჩართული იყო კორუფციულ საქმიანობაში.
ამ პროცესს წინ უძღოდა სრულყოფილი შესწავლა, ინფორმაციის შეგროვება, რომელთა უმეტესობა საჯაროდ ხელმისაწვდომია. ეს ინფორმაცია მივიდა სახელმწიფო მდივნამდე და მან დაამტკიცა სავიზო სანქციები.
გამოძიება ხელისუფლების პრეროგატივაა, რომ მოიძიონ ის საჯარო წყაროები და ინფორმაცია, რაც ვრცელდებოდა ამ ადამიანებთან დაკავშირებით...
უცნაურია იმის თქმა, რომ სოლიდარობას უცხადებ ქართველ მოსამართლეებს, რომელთა უმრავლესობა არის პროფესიონალი და სურს კანონის შესაბამისად მუშაობა, ოთხი პირის დაცვით, რომლის კორუფციაში მონაწილეობის შესახებ დამაჯერებელი ინფორმაცია არსებობს. კორუფციაში ჩართული მოქალაქეების დაცვა არ არის პროფესიონალი მოსამართლეების დაცვა".
კელი დეგნანი ასევე შეეხო აშშ-ის საელჩოს სასწავლო პროგრამების მნიშვნელობას ქართველი მოსამართლეებისთვის:
"აშშ-ის პროგრამები ღიაა კვალიფიციური მოსამართლეებისთვის, მათთვის, ვისაც აქვს დრო მონაწილეობისთვის და ვინც მიიღებს სარგებელს იმით, რომ მიღებულ გამოცდილებას წამოიღებს სასამართლო დარბაზში. ეს არის პოპულარული, ნაყოფიერი და ბევრ მათგანს მიუღია მონაწილეობა, შემდეგ კი ეს ცოდნა და გამოცდილება ჩამოუტანია საქართველოში".
საპარლამენტო უმრავლესობამ, "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად, 18 და 19 აპრილს ორჯერ არ გაიარა რეგისტრაცია კენჭისყრის დაწყებამდე - შესაბამისად, პროცედურულად არ დადგა მოსამართლეთა საქმიანობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რასაც ოპოზიციიდან ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს.
კომისიის საკითხის კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს, რაც შეუძლებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე.
მმართველი პარტია წინააღმდეგია პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც მოსამართლეთა საქმიანობას შეისწავლის.