მოსკოვის სასამართლომ ძალაში დატოვა ოპოზიციონერ ილია იაშინის განაჩენი

დეკემბერში იაშინს რუსეთის არმიაზე „ფეიკების“ მუხლით 8,5 წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს ბუჩაში მკვლელობების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისთვის

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ილია იაშინისთვის გამოტანილი განაჩენი. დეკემბერში მას რუსეთის არმიაზე „ფეიკების“ მუხლით 8,5 წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს ბუჩაში მკვლელობების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისთვის.

იაშინი წინასწარი დაკავების საკნიდან ვიდეოკავშირით მონაწილეობდა სასამართლოს სხდომაში. სასამართლომ მას უარი უთხრა აპელაციის განხილვისას ფიზიკურად დასწრებაზე და საქმის მტკიცებულებების ხელმეორედ შესწავლაზე. სასამართლომ ასევე უარი თქვა, დაკითხვაზე გამოეძახებინა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი და შეემოწმებინა, შეესაბამება თუ არა რუსეთის კონსტიტუციას სისხლის სამართლის მუხლი, რომელიც რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებისთვის სასჯელს ითვალისწინებს.

„მშვენივრად მესმის, რომ განაჩენის შერბილების მისაღწევი ერთადერთი გზაა მონანიება, შეწყალების თხოვნა, შავის თეთრად გასაღება და კიდევ ჩემი ამხანაგებიდან ვინმეს ‘ჩაშვება’. ეს არ მოხდება“, - თქვა იაშინმა. მისი თქმით, მისი სინდისი სუფთაა და ის მშვიდად იღებს თავის ბედს.

რუსეთის სასამართლოები „ფეიკებად“ მიიჩნევენ უკრაინაში ომის შესახებ ცნობებს, რომლებიც არ შეესაბამება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიას. იაშინი ირწმუნება, რომ უდანაშაულოა და მიაჩნია, რომ მისი სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული.

იაშინის წინააღმდეგ საქმე აღიძრა YouTube-ზე მისი სტრიმის გამო, რომელშიც საუბარი იყო უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებზე. ოპოზიციონერმა მოიყვანა მტკიცებულებები, რომ ბუჩის მოსახლეებს რუსეთის სამხედროები კლავდნენ და არჩევდა რუსეთის მხარის არგუმენტებს, რომ ბუჩის მოვლენები „ფეიკია“.