საქართვეელოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თანახმად, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩართვისთვის პოლონელი ექიმების განაცხადი შესულია სამინისტროში, თუმცა საჭირო დოკუმენტაციის გარეშე. ამის შესახებ მინისტრმა თქვა პარლამენტში, ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
"მხოლოდ განაცხადია შემოტანილი, სადაც ითხოვენ ქვეყანაში ექიმების გრძელვადიანად მუშაობის უფლების გაცემას. შესაბამისი უფლების გაცემას სჭირდება დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც არცთუ ისე რთულია მოსაძიებლად. სამწუხაროდ, დოკუმენტაცია არ ახლდა განაცხადს თან. შესაბამისი განმარტება მისცეს მათ სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომლებმა, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო", - ამბობს აზარაშვილი და განმარტავს, რომ ლიცენზიის გასაცემად დამატებით საჭიროა დოკუმენტები ექიმების გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.
პოლონელი ექიმები რამდენიმე კვირაა ელოდებიან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან ლიცენზიის მიღებას. ისინი მზად არიან, კლინიკა "ვივამედში" მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა მოამზადონ. პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის, მალგოჟატა გოშევსკას თქმით, ეს იქნება პოლონელი მედიკოსების გუნდი, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებების საფუძველზე იმოქმედებს.
16 მარტს ევროკავშირის ოფიციალურმა წყაროებმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო.
იმავე დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ პენიტენციური სამსახური "არ იქნება წინააღმდეგი", მოწვეულმა ექიმმა უმკურნალოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თუ იგი დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს.
მარტში პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა პიოტრ მულერმა განაცხადა, რომ მედიკოსთა ჯგუფი პოლონეთიდან მზად არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში ჩავიდეს.
მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მედიასთან საუბარში თქვა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად უცხოელი ექიმის ჩამოყვანა მათი შეთავაზება იყო და ისევ ძალაშია.
ასევე ნახეთ ვინ აგზავნის პოლონელი ექიმების გუნდს, რომელიც მზადაა სააკაშვილთან შესახვედრად