თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "ფორმულის" დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ უარს ამბობს ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტზე და წილის ნახევარს კოლექტივს გადასცემს. კეზერაშვილის განცხადებას "ფორმულა" ავრცელებს.
"ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია "ფორმულას" მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორი ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია).
გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, "ფორმულას" კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში", - წერია დავით კეზერაშვილის განცხადებაში.
ამასთან, იგი ამბობს, რომ ყველაფრისგან მაინც ვერ დისტანცირდება და თავის ირგვლივ შექმნილი "მძიმე გარემოს" მიუხედავად, "პროცესებიდან გასვლა არ განიხილება".
"როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში", - აღნიშნავს ის.
დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე წერს, რომ მასთან დაკავშირებით გავიდა არაერთი უზუსტობა, რამაც, "საერთო სურათში, სცადა მანამდე მოგონილი ბრალდების გამყარება".
"ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. მაქვს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემას სრული ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის გაიზიარებს ჩემი იურიდიული ჯგუფის არგუმენტებს, რომელიც უკვე ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს.
საზოგადოებას ყველა ეტაპზე ეცნობება სამართლებრივი პროცედურების დეტალები. ასევე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში.
აქვე, ჩემთვის განსაკუთრებით იმ ადამიანების პოზიციაა გასაკვირი, ვინც უკვე დიდი ხანია, ზუსტად იცის ამ თაღლითური სქემის მუშაობაზე, მასში მეზობლების, ნათესავების ან შვილების ჩართულობაზე. გასაოცარია, რომ ეს ხალხი ახლა მორალს კითხულობს და მე მამუნათებს".
BBC-ის ვებგვერდზე 12 აპრილს გამოქვეყნდა სტატია თაღლითობის გლობალური ქსელის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ამ საქმესთან არის დაკავშირებული საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია "ფორმულის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილიც.
ასევე ნახეთ რა წერია და რა რეაქციები მოჰყვა თაღლითურ სქემებზე BBC-ის გამოძიებას