gulagu.net: "ვაგნერის" ორი ყოფილი მეთაური ბავშვების მკვლელობებზე ჰყვება

საილუსტრაციო ფოტო

პროექტმა gulagu.net-მა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი ორი ადამიანისა, რომლებიც თავს უწოდებენ ყოფილ მსჯავრდადებულებს და შემდეგ უკრაინაში მებრძოლი გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" წევრებს - რის შედეგადაც ისინი შეწყალებულ იქნენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ. ჩანაწერში პირები ირწმუნებიან, რომ იყვნენ ომის ბევრი დანაშაულის მოწმეები და თანამონაწილეები.

აზამატ ულდაროვს და ალექსეი სავიჩევს gulagu.net-ი მოიხსენიებს "ვაგნერის" ქვედანაყოფების ყოფილ მეთაურებად. ნათქვამია, რომ მათი შეწყალების ბრძანებებს ხელი მოეწერა გასული წლის აგვისტოსა და სექტემბერში.

ულდაროვი და სავიჩევი ჰყვებიან ტყვეების, მათ შორის დაჭრილების მასობრივ მკვლელობებზე, ასევე საკუთრივ "ვაგნერის" იმ მებრძოლთა მკვლელობებზე, რომლებიც უარს აცხადებდნენ ბრძოლაზე; ჰყვებიან ბახმუტზე შეტევისას მშვიდობიანი მოსახლეების დახოცვის შემთხვევებზე, ბავშვების და მოზარდების ჩათვლით. კერძოდ, სავიჩევი ირწმუნება, რომ მაღალჩინოსანი მეთაურების ბრძანებით, მან ყუმბარები ჩაყარა ორმოში, რომელშიც იყვნენ დახოცილი და დაჭრილი უკრაინელები და რუსები; ის ასევე ამბობს, რომ მოწმე იყო 20-ზე მეტი ბავშვის მკვლელობისა. ულდაროვი აცხადებს, რომ სოლედარში პირადად მოკლა ხუთი წლის გოგონა. ულდაროვიც და სავიჩევიც აცხადებენ, რომ დახვრეტის ბრძანებებს პირადად გასცემდა "ვაგნერის" დამაარსებელი ევგენი პრიგოჟინი.

gulagu.net-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში ამ ორი პირის მიერ მოთხრობილი ამბების სხვა წყაროებით დადასტურება არ ხერხდება. ჩანაწერში ჩანს, რომ ულდაროვი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა.

რუსეთის არმიის და სხვა შეიარაღებული ფორმირებების, მათ შორის "ვაგნერის" მებრძოლებს, უკრაინაში ადანაშაულებენ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში და წამებაში და სხვა ქმედებებში, რომლებიც შეიცავს ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ნიშნებს. დიდი რეზონანსი მოჰყვა ვიდეოჩანაწერს, რომელზეც თითქოს ასახული იყო "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლის, ევგენი ნუჟინის ჩაქუჩით მკვლელობა. თუმცა უკრაინის წყაროებს აქამდე არ უცნობებიათ იმ შემთხვევებზე, რომლებზეც ულდაროვი და სავიჩევი ჰყვებიან.

gulagu.net-ის დამაარსებელი ვლადიმირ ოსეჩკინი აცხადებს, რომ ორივე მათგანი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება და არავის გავლენას არ განიცდის.

პუბლიკაციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩანაწერში გადმოცემულ ამბებს ის რეალურად მიიჩნევს. ერმაკის აზრით, ვიდეოჩანაწერი "შუქს ჰფენს უკრაინაში რუსეთის არმიის დანაშაულებს".

პრესსამსახურის მეშვეობით განცხადება გაავრცელა ევგენი პრიგოჟინმაც, რომელიც ამბობს, რომ ბავშვების და მშვიდობიანი მოსახლეების დახვრეტის ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, პრიგოჟინი არც ადასტურებს და არც უარყოფს იმ გარემოებას, რომ ულდაროვი და სავიჩევი "ვაგნერის" მიერ იყვნენ დაქირავებული.