საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს კრემლის კრიტიკოს კარა-მურზასთვის 25-წლიანი პატიმრობის მისჯას

ვლადიმირ კარა-მურზა (მარჯვნივ) და მისი ადვოკატი ვადიმ პროხოროვი. მოსკოვის სასამართლო. 2023 წლის 6 მარტი

ჟურნალისტ ვლადიმირ კარა-მურზას - რუსეთის და ბრიტანეთის ორმაგ მოქალაქეს და კრემლის ერთ-ერთ ყველაზე ხმამაღალ კრიტიკოსს - მოსკოვში 25 წლით მიუსაჯეს პატიმრობა სამშობლოს ღალატის და სხვა ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც თავად ჟურნალისტი უარყოფს. სასამართლოს გადაწყვეტილება მყისიერად დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ, გადაწყვეტილებას ასევე მოჰყვა მისი გათავისუფლების მოწოდებები.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ, რომელიც სავსე იყო ჟურნალისტებით, დიპლომატებით და კარა-მურზას მხარდამჭერებით, განაჩენი 17 აპრილს გამოიტანა - ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც კარა-მურზა დააკავეს, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ "ყალბი ინფორმაციის" გავრცელების ბრალდებით. წარსულში კარა-მურზა ორჯერ გადაურჩა მოწამვლით სიკვდილს, მოწამვლაში ის რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ კარა-მურზამ, რომელიც, ჟურნალისტების თქმით, შუშის საკანში თითქმის გაუნძრევლად იჯდა, წარმოთქვა ოპოზიციის ლოზუნგი - "რუსეთი თავისუფალი იქნება". რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ მისი ადვოკატების სიტყვებს, რომ განაჩენი დაუყოვნებლივ გასაჩივრდება, მრავალი იურიდიული დარღვევის გამო.

განაჩენი მყისიერად დაგმო ბრიტანეთის მთავრობამ, რომელმაც კარა-მურზას საქმე "პოლიტიკურად მოტივირებულად" გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაბარებულია ბრიტანეთში რუსეთის ელჩი და რომ ბრიტანეთის წარმომადგენლები "მკაფიოდ იტყვიან, რომ ბატონ კარა-მურზას განაჩენი ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების სფეროში, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს ვალდებულებას". განცხადების თანახმად, "ვლადიმირ კარა-მურზამ მამაცურად დაგმო რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა იმისთვის, რასაც ეს რეალურად წარმოადგენდა - საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის ხელაღებით დარღვევას".

გაეროში ადამიანის უფლებების ხელმძღვანელი ვოლკერ ტურკი გამოვიდა კარა-მურზას "დაუყოვნებლივ გათავისუფლების" მოწოდებით. "კარა-მურზა გასამართლდა ბრალდებებით, რომლებიც, ჩანს, რომ უკავშირდება აზრის თავისუფლების მისი ლეგიტიმური უფლების გამოხატვას", - ამბობს ტურკი.

კარა-მურზას განაჩენი დაგმო ევროკავშირმაც. "სასამართლოს დღევანდელი, აღმაშფოთებლად მკაცრი გადაწყვეტილება მკაფიოდ და კიდევ ერთხელ აჩვენებს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურ, არამართებულ გამოყენებას იმისთვის, რომ ზეწოლა განხორციელდეს აქტივისტებზე, უფლებადამცველებზე და ყველა ხმაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის არალეგიტიმურ აგრესიის ომს უკრაინის წინააღმდეგ", - ამბობს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი.

კარა-მურზა 2022 წლის აპრილში დააკავეს, როცა უცხოეთიდან რუსეთში დაბრუნდა. ის ერთ-ერთია ოპოზიციის აქტივისტებს, ჟურნალისტებს და სხვა პირებს შორის, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებაზე კრემლის მზარდი ზეწოლის პირობებში დააპატიმრეს.

პროკურორებმა თავიდან კარა-მურზას პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი, თუმცა შემდეგ ამას რუსეთის არმიის დისკრედიტაციის ბრალდებაც დაუმატეს - ამ ბრალდებით აქტივისტებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ასამართლებენ, რითაც კრემლი ამ საკითხის გარშემო კრიტიკული მოსაზრებების აღმოფხვრას ცდილობს. სამშობლოს ღალატის ბრალდება კიდევ უფრო გვიან გაჩნდა, კრემლის პოლიტიკის მიმართ იმ კრიტიკული განცხადებების გამო, რომლებიც კარა-მურზამ რუსეთის ფარგლებს გარეთ გააკეთა.