სუდანში 30-მდე ქართველია, უსაფრთხოდ არიან - მინისტრის მოადგილე

არეულობა სუდანში. 16 აპრილი, 2023 წელი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანში ახლა 30-მდე საქართველოს მოქალაქეა. განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს, ხვთისიაშვილი ამბობს, რომ ქართველები უსაფრთხოდ არიან და ცდილობენ, გარეთ არ გავიდნენ.

"კონტაქტზე ვართ ქართველებთან. ახლა, დაახლოებით, 30-მდე ქართველია. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ მათ, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან და გადაადგილებისგან. ქართველები ყველა უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობენ და ცდილობენ, გარეთ არ გავიდნენ", - ამბობს მინისტრის მოადგილე.

მანვე აღნიშნა, რომ სამინისტრო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს:

"სამწუხაროდ, ამ მომენტამდე არ გაჩერებულა ბრძოლები და შეტაკებები, რათა რომელიმე მხარემ აიღოს კონტროლქვეშ სიტუაცია. ველოდებით, რომ ჩაწყნარდეს, რათა ორივე მხარეს დაველაპარაკოთ. ჯერჯერობით, არ გველაპარაკებიან".

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სუდანში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებთან და მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა საქართველოს საელჩო თურქეთში.

"საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით", - აცხადებენ უწყებაში. მედიაში გავრცელებულ ცნობაზე, რომ ქართველებმა ჰუმანიტარული დერეფნით ვერ ისარგებლეს, სამინისტროში განმარტავენ, რომ რამდენიმესაათიანი დერეფანი მხოლოდ დაჭრილებისა და გარდაცვლილებისათვის იყო განკუთვნილი.

16 აპრილის ღამეს სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება დაიწყო. სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ, ომდურმანში, საჰაერო დარტყმები განახორციელა "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე.

BBC სუდანის ექიმთა კავშირის ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია 100 მშვიდობიანი მოქალაქე.

მოქალაქეების ცნობით, სუდანის დედაქალაქსა და მის გარშემო ისმის მძიმე არტილერიის მუშაობის ხმები.

სუდანის არმიის მთავარსარდალი, გენერალი აბდელ ფატახ ალ-ბურხანი ალ-ჯაზირასთან კომენტარში აცხადებს, რომ მზადაა, აწარმოოს მოლაპარაკებები "სწრაფი რეაგირების ძალებთან".

მისი თქმით, თუკი ისინი უარს იტყვიან მოლაპარაკებებზე და არ დაყრიან იარაღს, სუდანის დედაქალაქში, ხარტუმსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში შეიყვანენ სამხედრო ძალებს.

„სწრაფი რეაგირების ძალები“ ეს არის გასამხედროებული ფორმირება, რომელიც არ შედის სუდანის რეგულარულ არმიაში და არ ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს. 2019 წელს მათ მიერ ორგანიზებული სამხედრო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებას ჩამოსცილდა სუდანის ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი. 2021 წელს ორგანიზაციამ, რომელიც 100 ათასი ადამიანისგან შედგება, კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოახდინა.