ირანმა პატიმრობა მიუსაჯა არმიის 10 წევრს, 2020 წელს უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდების საქმესთან კავშირით

მაშველები უკრაინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას, 2020 წლის 8 იანვარი

ირანში პატიმრობა მიუსაჯეს შეიარაღებული ძალების 10 წევრს, ბრალდებებით, რომლებიც უკავშირდება 2020 წელს უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდებას, რასაც 176 ადამიანი შეეწირა - ამ ცნობას ირანის სასამართლოს ვებსაიტი ავრცელებს.

Mizan Online-ი 16 აპრილს იუწყება, რომ ერთ-ერთ მეთაურს 10 წლით მიესაჯა პატიმრობა, კიდევ ცხრა პირს - ერთიდან სამ წლამდე ვადით.

"ბოლო წლებში ქვეყანაში ამ საქმის გამოძიება იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მგრძნობიარე და კომპლექსური სასამართლო პროცესი" - ვკითხულოთ ვებსაიტზე. იქვე ნათქვამია, რომ მეთაურის მოქმედება, რომელსაც თვითმფრინავის ჩამოგდება მოყვა, "გამოწვეული იყო მისი ვითარებაში გაურკვევლობით და არასწორი რწმენით, რომ აღმოჩენილი სამიზნე მტრული იყო".

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების რეისი PS752 ჩამოვარდა 2020 წლის 8 იანვარს, როცა კიევისკენ მიფრინავდა - კატასტროფას ემსხვერპლა ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი.

რამდენიმე დღის განმავლობაში ოფიციალური უარყოფის გავრცელების შემდეგ, ირანმა აღიარა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დანაყოფმა თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდო. შემთხვევის ფონი იყო გაზრდილი დაძაბულობა აშშ-სთან, აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატებით IRGC-ის წამყვანი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო ბაღდადის სიახლოვეს.