რიკოთზე დაწესებული შეზღუდვები ისევ ძალაშია

რიკოთის უღელტეხილი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი წერეთელი აცხადებს, რომ აღდგომის დღესასწაულის გამო მოძრაობა რიკოთზე დატვირთულია. დაწესებული შეზღუდვები კი კვლავ მოქმედებს.

15 აპრილს, დილის 7:00 საათიდან მოძრაობა ისევ აღდგა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო 19:00 საათის შემდეგ მსუბუქი ავტომობილები მოძრაობას გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე გააგრძელებენ.

გიორგი წერეთელი აცხადებს, რომ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გზის მონიტორინგი და ამ პროცესში ჩართულია როგორც სამშენებლო კომპანია, ისე საზედამხედველო კომპანია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებული იყო მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან.

უკვე რამდენიმე დღეა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით:

  • მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
  • მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირითო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

ასევე ნახეთ "რიკოთით არ წავალ" - რა ხდება უღელტეხილზე?