„არ ვიცოდით, მეორე დღეს ცოცხლები ვიქნებოდით თუ არა“ – 14 აპრილი 45 წლის შემდეგ

45 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა თბილისში, უნივერსიტეტიდან დაძრული სტუდენტების (და არა მხოლოდ მათმა) პროტესტმა, რომელიც ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების წინააღმდეგ იყო მიმართული, საბჭოთა რეჟიმს უკან დაახევინა. 1978 წლის 14 აპრილი მისი ყველა მონაწილისათვის დღესაც ისეთივე ემოციური დღეა, როგორც ეს წლების წინ იყო.

განსაკუთრებული დღე იყო. ისიც არ ვიცოდით, მეორე დღეს ცოცხლები ვიქნებოდით თუ არა. მაგრამ ჩვენ ასე ვიზრდებოდით - სამშობლო იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, - ასე დაიწყო რადიო თავისუფლებასთან 1978 წლის 14 აპრილზე თხრობა თამარ მახარობლიძემ (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ენათმეცნიერი), რომელიც მაშინ 18 წლის გოგო იყო, თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

გოგო, რომელიც მილიციის მანქანაზე, ხმის გამაძლიერებლით ხელში მიუძღოდა ხალხმრავალ დემონსტრაციას, რომლის მთავარი მიზანი ქართული ენის დაცვა იყო და ვისაც, იმ დღეებში, მისი თამამი საქციელის გამო სტუდენტებმა „ჟანა დარკი“ შეარქვეს.

„მახსოვს, უნივერსიტეტში ჩემი მეგობარი, ერეკლე საღლიანი, შემხვდა, გაზეთს აფრიალებდა და მეძახდა: "თამრიკო, მოდი, წაიკითხე, ნახე რა ხდებაო", ასე გაიგეს ეს ამბავი სხვებმაც, სტუდენტები ერთმანეთს ვეუბნებოდით, ვუყვებოდით“, - წერს თამარ მახარობლიძე თავის მოგონებებში.

გვეუბნება, რომ არასოდეს, იმ დღის არცერთი ნიუანსი არ დაავიწყდება. არც ის, რა ეცვა, რა ეკეთა, რას ამბობდა. პროცესებში პირველივე დღიდან იყო ჩართული. ისიც კარგად იცოდა, რომ აპრილის იმ დღეს, თბილისში, საბჭოთა ჯარს ზუსტად ისეთი განლაგება ჰქონდა, როგორც წლების შემდეგ, 1989 წლის 9 აპრილს - საფრთხე დიდი იყო. მაგრამ ხალხი მატულობდა და მატულობდა. ყველა უნივერსიტეტთან იყრიდა თავს.

„ჩვენ არაფერი გამოგვიცხადებია, იქ ქართველი ერი თავისით, უთქმელად მოვიდა“, - გვიყვება თამარ მახარობლიძე.

ისტორიული ქვითარი, რომელიც თამარ მახარობლიძეს მისცეს ფოსტაში, მას შემდეგ, რაც მან სტუდენტების ხელმოწერილი წერილი გაგზავნა

მაშინდელ „ჩაის სახლს“ რომ გასცდნენ, თამარს ვიღაცამ მილიციის მანქანა და ხმის გამაძლიერებელი მისცა.

„უცებ ამ მანქანის თავზე აღმოვჩნდი და ასე გავუძეხი დემონსტრაციას. მიკროფონი ბოლომდე მე მეჭირა. მხოლოდ ლალი თოთაძემ წაიკითხა „ო ენავ ჩემო“. სხვა არავინ მოსულა. ძალიან დიდი იყო შიშის ფაქტორი. როცა ბოლოს გვითხრეს, რომ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ მიიღეს, მაინც მოვითხოვეთ, რადიოები ჩაერთოთ, რომ ჩვენი ყურით მოგვესმინა. მხოლოდ მერე დავიშალეთ“.

14 აპრილის მიტინგს წინ უძღოდა სტუდენტების წერილის გაგზავნა მაშინდელ უზენაეს საბჭოში. სწორედ თამარმა წაიღო ასობით სტუდენტის ხელმოწერილი წერილი ფოსტაში, საიდანაც ორი დაზღვეული წერილი გაგზავნეს. გადახდის ქვითარი დღემდე შემორჩენილია და თამარის არქივში ინახება.

„უნივერსიტეტში დაბრუნებისას მოინდომეს ქვითრის ხელში ჩაგდება, რომ გაგზავნილი წერილები როგორმე ფოსტიდან ამოეღოთ და ადრესატამდე არ მისულიყო. დიდი ბრძოლა გამოვიარე, რომ ქვითარი შემენარჩუნებინა. ეს საბუთი მე დღემდე მაქვს შენახული. მაშინ არ დავკვირვებივარ, სიგარეტის ქაღალდში გადავახვიე და ჩანთაში შევინახე, იმ დღეებში აღარ გამიშლია და დამითვალიერებია. წლების შემდეგ რომ ვნახე, გამეცინა, რადგან ზედ არაფერი არ ეწერა, არც ორივე ადრესატი, არც მისამართი, არც გარკვეული თარიღი იყო აღნიშნული. ეს არაფრისმთქმელი საბუთი იყო“, - წერს თამარ მახარობლიძე.

თამარ მახარობლიძე სტუდენტობის პერიოდში

„ამ დღეს ზუსტად ისეთი ემოციით ვიხსენებ, როგორც წლების წინ. ზუსტად ისე ვარ, როგორც იმ 14 აპრილს და ასეა ყველა, ვინც 45 წლის წინ, იქ იდგა“, - ასე იხსენებს ჩვენთან საუბარში 1978 წლის აპრილის დღეებს მაშინდელი მოვლენების და 14 აპრილის დიდი მიტინგის კიდევ ერთი მონაწილე ნიკოლოზ (ნიკა) სანებლიძე (ფილოლოგი, პოლიტიკოსი).

მას შემდეგ კიდევ ბევრი ისტორიული მოვლენის მონაწილე გახდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზეც კი მოაწერა ხელი, მაგრამ ის განცდა, რაც 19 წლის ბიჭს 1978 წლის 14 აპრილს ჰქონდა, აღარასოდეს ჰქონია, რადგან ის დღე „აბსოლუტურად მოულოდნელი შედეგით დასრულდა“.

იმ დილით, უნივერსიტეტში რომ მიდიოდა, ნათესავებსაც კი გაუარა და დაემშვიდობა. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა, იმდენად წარმოუდგებლად მიაჩნდათ, რომ რეჟიმი დათმობდა. ელოდნენ, რომ გაისროდნენ. ამიტომ იყო, რომ არცერთი მეგობრისთვის იქ წასვლა არ შეუთავაზებია. ყველა თავისით, უთქმელად მივიდა უნივერსიტეტთან - „მათ შორის, ერთი ჩემი კურსელი, რომელიც ორსულად იყო. გული გამისკდა“.

სტუდენტების წერილი ქართული ენის დასაცავად, თანდართული ხელმოწერებით, დოკუმენტი დაცულია შსს არქივში და გამოყენებულია ანა ბაქანიძის ავტორობით გამოსულ წიგნში "14 აპრილი, 1978".

ნიკა სანებლიძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ 14 აპრილი მაშინდელი მოვლენების კულმინაცია იყო, თუმცა მანამდე არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესი მიდიოდა - ახალი კონსტიტუციის განხილვა უნივერსიტეტში და მასში ჩადებული 75-ე მუხლით გამოწვეული პროტესტიც იზრდებოდა.

ფილოლოგებმა ერთი საერთო სხდომის ჩატარება მოითხოვეს, სადაც ბევრი სტუდენტი მოიყრიდა თავს და ამას მიაღწიეს კიდეც. ნიკა სანებლიძე იხსენებს, როგორ დადიოდა იმ დღეებში საჯარო ბიბლიოთეკაში, რაც შეიძლება მეტი სხვა ქვეყნის კონსტიტუციას რომ გაცნობოდა:

„ამერიკის კონსტიტუციას პირველად მაშინ ჩავხედე“.

იმ დიდ სხდომაზე მოითხოვეს სტუდენტებმა სადავო მუხლის შეცვლა და საპროტესტო წერილიც მაშინ დაიწერა, რომელსაც მერე ასობით სტუდენტმა მოაწერა ხელი და ფოსტით გაგზავნეს ხელმძღვანელ პირებამდე.

„მახსოვს, ეს წერილი ფოსტაში თამარ მახარობლიძემ წაიღო და ქვითარი რომ გამოიტანა, გადახდის, მერე იმაზე ატყდა ამბავი, სად დაგვემალა და როგორ, რომ არ წაერთმიათ... ლექტორების ნაწილი კი იდგა ჩვენს გვერდით, მაგრამ ბევრმა იმედი გაგვიცრუა. მაგრამ ჩვენ ფილოლოგები ვიყავით და ქართულ ენას თუ წაგვართმევდნენ, რა გამოვიდოდა“, - გვიყვება ნიკა სანებლიძე.

ნიკა სანებლიძე სტუდენტობისას

ნიკა სანებლიძის და თამარ მახარობლიძის მოგონებები, 14 აპრილის სხვა მონაწილეეების მოგონებებთან ერთად, შესულია ანა ბაქანიძის მიერ შედგენილი ზეპირი ისტორიების კრებულში, „14 აპრილი, 1978“ - რომელიც გამომცემლობა „არტანუჯმა“ 2018 წელს დაბეჭდა. ზეპირი ისტორიების გარდა, ანამ ამ კრებულში თავი მოუყარა კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვისას ქართველ მეცნიერთა და მწერალთა მიერ სხვადასხვა უწყებაში წარმოთქმულ სიტყვებს, საარქივო მასალებს, ფოტოებსა თუ სტატიებს.

მოკლე ქრონიკა:
ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი საკანონმდებლო დონეზე პირველად 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელთა კრების მიერ მიღებული საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველივე კონსტიტუციით განისაზღვრა.
საბჭოთა რეჟიმის პირობებში კი საქართველოს კონსტიტუციები მიიღეს 1922, 1927, 1937 და 1978 წლებში. ხოლო ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი აღიარებული იყო 1922, 1927 და 1937 წლებში მიღებული საქართველოს სსრ კონსტიტუციებით.
1978 წლის კონსტიტუციის პროექტში მუხლი - ქართულის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ, ამოიღეს. გაჩნდა ახალი 75-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, რუსულ ენასა და სხვა ენებს, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობდა, თანაბარი უფლებები მიენიჭა.
75-ე მუხლში ეწერა: „საქართველოს სს რესპუბლიკა უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი განვითარებისათვის. საქართველოს სს რესპუბლიკის ყველა ამ ორგანოსა და დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე, სხვა ენებისა, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობს. რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება“.

ასევე ნახეთ ენა ენაში

კიდევ რამდენიმე ამბავი

არქიტექტორი თემურ წიქორიძე 1978 წელს სამხატვრო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი იყო. იხსენებს, 14 აპრილს, აკადემიაში, როგორ გამოუცხადეს, გარეთ არ გასულიყვნენ, რადგან „კაგებესა“ და უშიშროების თანამშრომლებით იყო სავსე სამხატვრო აკადემიის მიმდებარე ტერიტორია.

თუმცა, მალე, ხმა გავრცელდა, რომ ხალხი უნივერსიტეტთან იკრიბებოდა... ყველას წასვლა უნდოდა, რა გააჩერებდათ. თემურმა და მისმა მეგობრებმა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა, მოახერხეს და სასადილოს მხრიდან, ღია კარიდან გაიპარნენ და უნივერსიტეტისკენ დაიძრნენ, სადაც უკვე უამრავ ხალხს მოეყარა თავი:

„ვარაზისხევის ამოსასვლელთან, მილიციის დიდი კორდონი იდგა, მის წინ კი გადაცმული ხალხი - "კაგებეს" თანამშრომლები. მათთან ჯერ სიტყვიერი შეკამათება, მერე კი ფიზიკური შეხლა მომივიდა. მე ვიღაცებმა მომკიდეს ხელი, ჯერ უშიშროების თანამშრომლები მეგონა, მაგრამ უნივერსიტეტიდან აღმოჩნდნენ და პირველ კორპუსში შემიყვანეს, სადაც ერთ-ერთ დარბაზში თსუ-ის თანამშრომლები შეკრებილიყვნენ. მთხოვეს, რამდენადაც შესაძლებელი იყო, არ მეაქტიურა, შიშობდნენ, ტრაგიკულად არ დამთავრებულიყო ყველაფერი და მიამბეს, რომ ცდილობდნენ, როგორმე საბჭოთა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილიყო ეს ამბავი და ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა“.

ამ საუბრის შემდეგ, იხსენებს თემურ წიქორიძე, გარეთ გავიდა და ისევ პირველ რიგებში აღმოჩნდა. ვაკის მხრიდან ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტობა შეუერთდათ. ნელ-ნელა დაიძრნენ.

„ჯერ მელიქიშვილის გამზირზე გავარღვიეთ მილიციის პირველი რიგი, მეორე - სასტუმრო "ივერიასთან", მესამე კი რუსთაველის თეატრთან და მთავრობის სასახლესთან აღმოვჩნდით. მახსოვს, გზადაგზა ხალხი გამორბოდა ჩვენკენ, უბრალო მოქალაქეები ტიროდნენ, გვთხოვდნენ, თავი შეგვეკავებინა. მათ კარგად ახსოვდათ 1956 წელი. ჩვენც ვიცოდით, რომ პარალელურ ქუჩებზე მობილიზებული იყო საბჭოთა ჯარი, ერთი ბრძანება და, ალბათ, ყველას დაგვხოცავდნენ. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა“....

„იმუშავეთ, ბიჭებო!“ „მაგრები ხართ!“ - ტელეოპერატორის ნაამბობი

გურამ გაფრინდაშვილი მაშინ პირველი არხის ტელეოპერატორი იყო - იმ დროს საქართველოში მხოლოდ ერთი ტელევიზია მაუწყებლობდა. იმ დღეს, 1978 წლის 14 აპრილს, როგორც იხსენებს, ტელეკამერები 4 სხვადასხვა წერტილში დააყენეს. მაშინ კინოოპერატორები, სხდომას, 16-მილიმეტრიან ფირზე კინოკამერით იღებდნენ.

„დაიწყო სხდომა. პირველი გამომსვლელი ცეკას მდივანი - ედუარდ შევარდნაძე იყო. შევარდნაძის გამოსვლა ძალიან ბევრჯერ მომისმენია. იგი ყოველთვის დინჯად საუბრობდა. ახლაც, თითქოს, ერთი შეხედვით, ასე იყო, მაგრამ აშკარად მიხვდებოდი, რომ ღელავდა.

ჩვენ ყურმილებში რეჟისორი და მთავარი ტელეოპერატორი ჯუმბერ ნანიტაშვილი გვეხმიანებოდნენ და გვამხნევებდნენ: "იმუშავეთ, ბიჭებო!", "მაგრები ხართ!" - თან გვაწვდიდნენ ინფორმაციას, რომ გარეთ რთულდებოდა და იძაბებოდა სიტუაცია“.

გურამ გაფრინდაშვილი იხსენებს, როგორ ესმოდათ პატრიოტული შეძახილები: „გაუმარჯოს საქართველოს“, „გაუმარჯოს ქართულ ენას“.

„სწორედ ამ დროს იყო, რომ მიაწოდეს ბარათი ედუარდ შევარდნაძეს, მან შესვენება გამოაცხადა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა დარბაზი... მალე სხდომა განახლდა, ჩვენც დავუბრუნდით ჩვენს ადგილებს (მოგვიანებით ითქვა, რომ ამ შუალედში შევარდნაძე ელაპარაკა მოსკოვს). ედუარდ შევარდნაძე ჩქარი ნაბიჯით მოვიდა ტრიბუნასთან, თითქოს ფერდაკარგულიც მეჩვენა, მიკროფონზე ხელით დააკაკუნა და დარბაზს მიმართა: "ჩვენ როგორც გვინდოდა, ქართული ენა დარჩა სახელმწიფო ენადო", - თქვა. სხდომა შეწყდა და ყველა ერთად ჩავედით რუსთაველის გამზირზე“.

გაფუჭებული ფირი და პატიმრობა

დემონსტრაციის გადაღება რეჟისორმა ავთანდილ იმნაძემ, რომელიც იმხანად ფოტოწრეს ხელმძღვანელობდა, თავისი სამოყვარულო კინოკამერით გადაწყვიტა. ფირი ჩადო, კამერა მოამზადა და სასტუმრო „ინტურისტის“ შენობის მეორე და მესამე სართულებიდან დაიწყო გადაღება. მაგრამ ორი დღის შემდეგ, როცა ფირი გაამჟღავნა, არაფერი აღმოჩნდა გადაღებული. აპარატმა უმტყუნა.

მაგრამ „კაგებეში“ იცოდნენ, რომ იღებდა და ფირის ხელში ჩაგდება სურდათ - ეკითხებოდნენ, სად წაიღე, ვის გაუგზავნეო.

„კიდევ მქონდა რაღაც მასალები და, როგორც ჩანს, როცა ჩემი ბინა და ლაბორატორია გაჩხრიკეს, მაშინ წაიღეს ყველაფერი“.

ავთანდილ იმნაძე იხსენებს, რომ დემონსტრაციის დასრულების შემდეგ მან და თამრიკო ჩხეიძემ ინფორმაცია ტელეფონით გადასცეს დევიდ შიპლერს, მოსკოვში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს, ასევე, „ამერიკის ხმისა“ და „ბიბისის“ კორესპონდენტებს. საბჭოთა დისიდენტის, სახაროვის მეუღლეს, ელენა ბონერსაც კი უამბეს, რა ხდებოდა თბილისში, ოღონდ თავიანთი ვინაობა არ გაუმჟღავნებიათ. თუმცა ეს ამბავი იმავე ღამეს გაშუქდა უცხოურ მედიაში.

14 აპრილიდან ზუსტად 2 კვირაში დამაპატიმრეს. 5 წელი მომისაჯეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის მიხედვით გამასამართლეს, ბრალად კი ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდა დამდეს საბჭოთა სახელმწიფოს ძირის გამოთხრის მიზნით. ცხადია, იცოდნენ, რომ საზღვარგარეთ ინფორმაცია გადავეცი“, - იხსენებს რეჟისორი ანა ბაქანიძის მიერ შეგროვებული ზეპირი ისტორიების კრებულში „14 აპრილი, 1978“.

აკაკი ბაქრაძე

14 აპრილის გრანდიოზულ მიტინგს წინ უძღოდა პოლემიკა და განხილვები კონსტიტუციაში გაჩენილ 75-ე მუხლზე. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დეტალები აკაკი ბაქრაძემ თავის მოგონებებშიც შემოინახა.

1978 წლის 24 მარტს, გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციის პროექტი. აკაკი ბაქრაძე თავის მოგონებებში იხსენებს, რომ იმავე დღეს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომათა დარბაზში დიდძალი საზოგადოება შეიკრიბა: მათ შორის, რაიკომის მდივნები, მინისტრები, ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები, უმაღლეს სასწავლებელთა რექტორები...

შეხვედრას საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ: ედუარდ შევარდნაძე, ვიქტორია სირაძე, სოლიკო ხაბეიშვილი, გიორგი ბედინეიშვილი, ჟიული შარტავა... აკაკი ბაქრაძესა და ედუარდ შევარდნაძეს შორის მაშინ ეს დიალოგი გაიმართა:

ედ. შევარდნაძე: ჩამოაყალიბეთ ეს მუხლი თქვენ და სიტყვას გაძლევთ, ისე შევიტანთ კონსტიტუციაში.

მე: ვფიქრობ, არაფერია ჩამოსაყალიბებელი. უბრალოდ ძველი კონსტიტუციიდან, ახალ კონსტიტუციაში უნდა გადმოვიტანოთ მუხლი, სადაც ნათქვამია: საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ენა არის ქართული. აზრი ჩამოყალიბებულია სხარტად და მკაფიოდ. მას არც შეცვლა სჭირდება და არც გასწორება.

ედ. შევარდნაძე: ეს შეუძლებელია.

მე: თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ყველა ჩვენთაგანისთვის გასაგებია: ქართულს კონსტიტუციურად ართმევენ სახელმწიფო ენის ფუნქციას. ჩვენი ხალხიც მოიქცევა მდგომარეობის შესაბამისად.

Your browser doesn’t support HTML5

1978 წლის 14 აპრილი - აქციის მონაწილეები 40 წლის შემდეგ

რამდენიმე წერილი საქართველოს სსრ საკონსტიტუციო კომისიას

აი, რას წერდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები კონსტიტუციის 75-ე მუხლის შესახებ მაშინდელი საკონსტიტუციო კომისიის სახელზე გაგზავნილ წერილებში:

„საქართველოს სსრ კონსტუტუციის განსახილველ პროექტში არაა აღნიშნული, რომ ქართული ენა არის საქართველოს სსრ სახელმწიფოებრივი ენა, რაც მოუთმენლად უნდა ჩაითვალოს. არასწორია დაკანონება იმისა, რომ რესპუბლიკის ეროვნული ენა არ იყოს მიჩნეული სახელმწიფო ენად. ამიტომ კონსტიტუციის სათანადო მუხლში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სსრ სახელმწიფო ენაა ქართული ენა!“ - ამ წერილს ხელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის პროფესორი რეზო სირაძე აწერს და 1978 წლის აპრილითაა დათარიღებული.

„გაუგებარია, რამ გამოიწვია საქართველოს სსრ-ს 1937 წლის კონსტიტუციის მე-13 თავის შეცვლა. თუკი საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკაა: აქვს თავისი ჰიმნი, დროშა, ღერბი, რატომ არ უნდა იყოს ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოცხადებული საქართველოში? მაშ, რისთვის იბრძოდნენ ჩვენი მამა-პაპანი? რისთვის მოხდა რევოლუცია? განა ისინი მგლის მოდგმისანი იყვნენ და მარტო მამულისთვის იბრძოდნენ?! თვით მათი ხსოვნისადმი პატივისცემა მოითხოვს 75-ე მუხლის გაუქმებას, ხოლო მე-10 თავის შესწორებას ასე: „საქართველოს სსრ ენა, ღერბი, ალამი, ჰიმნი და დედაქალაქი“, ხოლო შემდეგ ისე, როგორც ეს არის საქართველოს სსრ-ს 1937 წლის კონსტიტუციის 156-ე და 157-ე მუხლებში“, - ამ წერილის ავტორი კი ელენე გელოვანია, დიასახლისი.

„ვიწონებთ ყველა და მეც მათთან ერთად ახალი კონსტიტუციის პროექტს, მაგრამ მსურს ძალაში დარჩეს ძველი კონსტიტუციის 159-ე მუხლი, რომლის მიხედვით საქართველოში სახელმწიფო ენად მიღებულია ქართული ენა“, - ამ წერილს კი ხელს აწერს შუშანა წერეთელი, მკერავი.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ ქართველებზე - რას წერდა დასავლური პრესა?

თსუ-ს პროფესორი, თინათინ ბოლქვაძე თავის წერილში, რომელიც „არტანუჯის“ ამ გამოცემაშიც შევიდა, აღწერს, როგორ ეხმაურებოდა თბილისში მიმდინარე მოვლენებს დასავლური პრესა. განსაკუთრებით ფეხდაფეხ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს მიჰყვებოდა „ნიუ-იორკ ტაიმსი“ - მასში 15 აპრილს უკვე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „საბჭოთა ქართველები ქუჩაში გამოვიდნენ სახელმწიფო ენის დასაცავად“.

„ამერიკელები გაოცებულები არიან ამ ფაქტით. ეს ხდება იმ დროს, როდესაც შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება, როცა საშიშროებაა სამხედრო მანქანის ამოქმედებისა“.

ამონარიდი "ნიუ-იორკ ტაიმსის" სტატიიდან. გამოყენებულია წიგნში "14 აპრილი, 1978".

14 აპრილის თემას „ნიუ-იორკ ტაიმსი“ დეკემბრის თვეშიც დაუბრუნდება. ენტონი ოსტინის სტატიაში „მოსკოვის შიში: ქართველებს კვლავ აღელვებთ საკუთარი ენობრივი უფლებები“ გაშუქებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები.

ისევ სტატიის ნაწყვეტი 1978 წლის "ნიუ-იორკ ტაიმსიდან" საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. გამოყენებულია ანა ბაქანიძის წიგნში "14 აპრილი, 1978".