"ვივამედის" დირექტორი ამბობს, რომ ბოლო კვლევით არ დასტურდება სააკაშვილის მოწამვლა

კლინიკა "ვივამედი"

"ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც მათ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ინტოქსიკაცია არ დაუდგინდა. ჩხაიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლის ანალიზების პასუხები გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკიდან მიიღეს.

"ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ კვლევის შედეგების მონიტორინგს პაციენტის დაავადების მიმდინარეობის დროს. ამ შემთხვევაშიც მუდმივად ხდებოდა ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება პერიოდულად. ეს იყო პროტოკოლით გათვალისწინებული. მძიმე მეტალებზე კვლევა გაკეთებული გვქონდა მაისის თვეში, მისი ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე, არა იმიტომ, რომ ეჭვი არსებობდა ინტოქსიკაციაზე.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა ისევ გადამოწმება. ახლაც გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და მივიღეთ იქიდან დასკვნა, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ. ინტოქსიკაციაზე არ არის საუბარი", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ენდობა იმ კვლევებს, რომელმაც მისი შვილის სხეულში მძიმე მეტალები აღმოაჩინა.

"მე მჯერა იმ შედეგების, რომელიც მივიღეთ ჯერ გერმანიიდან და შემდეგ კალიფორნიიდან. ის ჩემთვის უფრო დამაჯერებელია... ჯერ ისიც არ ვიცი, გააგზავნეს თუ არა [ნიმუშები]... იმდენად არ მაქვს არავისი ნდობა, ვერაფერს გეტყვით", - ამბობს ალასანია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ამის გამო ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს.