ოცამდე კაცი მსუსხავ ქარში ბოლთას სცემს. პოლიციელები, რომლებიც სასაზღვრო პუნქტისკენ სატვირთო მანქანებს ატარებენ, მათ ყურადღებას არ აქცევენ.
ყველა მსგავს ისტორიას ჰყვება: საქართველოში ნაყიდი მანქანები სომხეთში განაბაჟეს და რუსეთში გასაყიდად მიჰყავთ. ეს ბიზნესი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აყვავდა. მაგრამ ამ ჯერზე საქმე გართულდა - უკვე სამი დღეა, ქართველი მესაზღვრეები აღარ უშვებენ მანქანებს ტრანზიტული ნომრებით.
ვაგი გრიგორიანი პატარა ჩეკს აფრიალებს. ეს ხუთასლარიანი ჯარიმაა, რომელიც პოლიციამ ცოტა ხნის წინ გამოუწერა. 28 წლის კაცი ჰყვება, რომ ნერვებმა უმტყუნა. პატრულმა ლარსამდე 20 კილომეტრში გააჩერა და გზის გაგრძელება აუკრძალა. “რატომ მაჩერებთ-თქო. მითხრეს - არ ვიცი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი არ ვარო”, - იხსენებს ვაგი.
რამდენიმე საათი იცადა, მაგრამ მიზეზი მაინც არავინ გააგებინა. ბოლოს მანქანა დაქოქა, პატრულის მითითებას არ დაემორჩილა და საზღვრისკენ წავიდა, იარაღიანმა პოლიციელებმა დააკავეს. “იმაზეც მადლობა, რომ არ დამიჭირეს”, - ამბობს ის.
ოფიციალური ვერსიით, 10 აპრილს რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემთა ბაზაზე კიბერთავდასხმა მოხდა. ამის გამო რუსეთის მხარეს მებაჟეებს აღარ შეეძლოთ არც ტვირთების დეკლარირება და არც საბუთების გაცემა. 12 აპრილს, საღამოს, სისტემა ნაწილობრივ აღდგა. ახლა ატარებენ სატვირთო და სახელმწიფო ნომრიან მანქანებს. მაგრამ შსს ვერ აკონკრეტებს, როდის გაიხსნება საზღვარი ტრანზიტული ავტომობილებისთვის.
სარფიანი ბიზნესი
მხოლოდ 2023 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან სომხეთში 74 მილიონი დოლარის მანქანები გაიყიდა. ეს სომხეთში საერთო ექსპორტის 56%-ია.
დიდი ალბათობით, ამ მანქანების უმეტესობა, შემდეგ საქართველოს გავლით, რუსეთში მოხვდა. 2022 წელს რუსეთში რეექსპორტირებული საქონლის 68% სწორედ ავტომობილები იყო.
2022 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, რუსეთში არაერთი კომპანია გაჩნდა, რომელიც მომხმარებლებს ასეთ სერვისს სთავაზობს. ეს სარფიანი შეთავაზებაა, რადგან სომხეთში განბაჟებულ ავტომობილს რუსეთში ხელახლა განბაჟება აღარ სჭირდება. ორივე ქვეყანა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია.
ასევე ნახეთ საქართველოდან სომხეთში და უკან, შემდეგ კი რუსეთისკენ - სანქციების თავიდან არიდების გზა?ევროკავშირის სანქციებს აქვს დათქმა - რუსეთმა ვერ უნდა მიიღოს 50 ათას დოლარზე უფრო ძვირი ავტომობილები. თუმცა ბევრი რუსული კომპანია მზადაა, ქვეყანაში ჩამოიყვანონ “ნებისმიერი ფასის მანქანა".
არცერთი სიტყვა პოლიტიკაზე
12 აპრილს, საღამოს 9 საათისკენ, ლარსის საზღვართან უკვე ასზე მეტი ტრანზიტული მანქანა დგას. 50 ათას დოლარზე ძვირიანის უმეტესობას არაფერი ეტყობა.
ერთ-ერთი მძღოლი, ვაზგენი ჰყვება, რომ ბევრმა ხელი ჩაიქნია და მანქანა სომხეთში დააბრუნა. მაგრამ მას ახლა ფული სჭირდება. არადა, საწვავი თითქმის გაუთავდა. ღამით ლარსზე ცივა და გათბობა უწევს, ჩართული მანქანა კი ბენზინს წვავს. გუშინ ღამის გათევა ყაზბეგში სცადა. მაგრამ ოთახი 80 დოლარზე ნაკლებად ვერ იშოვა. ამდენის გადახდა არ შეუძლია.
კიდევ ერთი კაცი, ლევონი კი ყვება, რომ მანქანაში შვილი ჰყავს, რომელსაც ორი დღეა სიცხე აქვს. მანქანა აღარ აინტერესებს, უბრალოდ დროზე უნდა რუსეთში მოხვედრა.
“იქ [რუსეთში] საავადმყოფო სამ კილომეტრშია. აქ კიდე 12-ში”, - ამბობს ის.
ამ ორის მსგავსად, აქ უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა. ბევრი რუსეთის სასაზღვრო სამსახურში რეკავს, თუმცა იქ ვერაფერს ეუბნებიან. “ეს რა დამოკიდებულებაა საკუთარ მოქალაქეებთან!” - ამბობს ვაზგენი და ხელს საზღვრისკენ იშვერს.
რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოს ოკუპაციაზე ლაპარაკი აქ არავის უნდა. ამ საკითხებს “პოლიტიკას” ეძახიან, რომელიც “არ აინტერესებთ”. ვაგიმ კი იცის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის “რაღაც პოლიტიკური გაუგებრობაა”, თუმცა ამბობს, მე რა შუაში ვარო. ახლა მხოლოდ მანქანის კრასნოდარამდე მიყვანა ადარდებს. იფიცება, რომ ამ გზით ფულის შოვნა “პირველად და უკანასკნელად” სცადა.