საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ნეტგაზეთთან" ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს იმის შესახებ, რომ დიპლომატმა რიტორიკა შეარბილა.
„აშშ-ის კანონმდებლობით საკმაოდ ნათელია, რას ნიშნავს ეს სანქციები და რატომ არის ისინი საჭირო აშშ-ის კანონმდებლობაში, როცა გვაქვს საკმარისი და სანდო მტკიცებულებები კორუფციულ ქმედებებში მონაწილე პირების შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ტერმინს გამოიყენებ. შედეგები ერთნაირია - ამ პირებს [სანქცირებულ მოსამართლეებს ავტ.] არ აქვთ უფლება, შევიდნენ აშშ-ში.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანს აქვს საკმარისი, სანდო ინფორმაცია მნიშვნელოვანი კორუფციული ქმედებების შესახებ, შეერთებული შტატების კანონმდებლობით ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავაწესოთ ეს სავიზო სანქციები”, - თქვა კელი დეგნანმა.
ელჩი აცხადებს, რომ ინგლისურ ენაზე საკმაოდ ნათელია, რას ნიშნავს ეს სავიზო სანქციები.
„ინგლისურ ენაში ძალიან, ძალიან ნათელია, თუ რას წარმოადგენს ეს [სანქციები]. ესაა სანქციები, რომელთა საჭიროებაც დგება კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ სანდო ინფორმაციის საფუძველზე. სამწუხაროდ, ქართული იმდენად კარგად არ ვიცი, რომ ამ შეკითხვას ქართულად ვუპასუხო, თუმცა ინგლისურად საკმაოდ ნათელია, თუ რას ნიშნავს ეს სავიზო სანქციები, რომელთა შედეგია ის, რომ ეს ადამიანები ვერ შევლენ აშშ-ში”, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს მოსამართლეთა მიმართ ბრალდებებზე საკუთარი გამოძიების დაწყება, ეს ისევ ქართველ ხელისუფალთა გადასაწყვეტია.
5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.
ასევე ნახეთ ეს არის შანსი, აღმოიფხვრას კორუფციის ბრალდებები სასამართლო სისტემაში - დეგნანი მოსამართლეების სანქციებზეკელი დეგნანსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შორის შეხვედრის შემდეგ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ელჩს მოუწია რიტორიკის შერბილება. „ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, საბოლოოდ ამის გამო მოუწია ელჩს უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ, ანუ ესაა სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია", - თქვა მან.