საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია "ფორმულის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ არ აქვს კავშირი ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან. ასე პასუხობს იგი BBC-ზე გამოქვეყნებულ მასალას.
"აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს..." - აცხადებს კეზერაშვილი.
ამავე განცხადებაში წერია, რომ აპირებს BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას.
"გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში ჩემთან დაკავშირებული როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო და ამას დიდი დრო არ დასჭირდება", - წერს კეზერაშვილი ფეისბუკზე.
იგი ამბობს, რომ მზადაა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე სამართალდამცავებთან თანამშრომლობისთვის.
"ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება", - ამბობს ის.
დღეს, 12 აპრილს, BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მასალა ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ამ საქმესთან არის დაკავშირებული დავით კეზერაშვილიც.