აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაუშვა ენგურის ხიდის გავლით ზოგიერთი საქონლის გადატანა

საილუსტრაციო ფოტო. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. გამშვები პუნქტი ენგურის ხიდთან

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნაწილობრივ გააუქმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე საქონლის გადაადგილების აკრძალვა. რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიერ 2023 წლის 31 მარტს ხელმოწერილი დოკუმენტი სოციალური ქსელებით გავრცელდა.

ბჟანიას გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა 2007 წელს, აფხაზეთის მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის მიერ გამოცემულ განკარგულებაში, რომლის თანახმად, სრულად აიკრძალა საქართველოსთან "საზღვარზე" ტვირთების გადაადგილება.

ცვლილების თანახმად, ენგურის ხიდის გავლით, ე.წ. საზღვარზე შესაძლებელი გახდა მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების ნერგების, სოფლის მეურნეობის კულტურების სათესლე მასალების, ცოცხალი შინაური ფრინველის, შინაური პირუტყვის საკვების, სოფლის მეურნეობის ტექნიკის და პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარების, საავტომობილო ტრანსპორტის და მისი ნაწილების და ზეთების გადატანა.

ასევე ნახეთ აფხაზეთში განიხილავენ ენგურის ხიდზე ტრანზიტის დაწყების შესაძლებლობას

აფხაზეთის ოპოზიციური „სახალხო მოძრაობის“ წარმომადგენელმა ომარ სმირმა ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებას „საქართველოსთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის“ შესახებ, უწოდა აპოგეა იმ ფონზე, როცა აფხაზეთში საუბრობენ საქართველოდან შესაძლო საფრთხის გამო სრული საბრძოლო მზადყოფნის აუცილებლობაზე და სამხედრო წვრთნებს ატარებენ.