კანცელარიის გალამაზებაში “ცუდი არაფერია” - ართმევს თუ აძლევს მთავრობა საჯარო სივრცეს ქალაქს

კანცელარიასთან მოსაწყობი ბაღის ერთ-ერთი არაოფიციალურად გავრცელებული ესკიზი

7 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან არმატურა და სილით სავსე ტომრები დააწყვეს, მალევე მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტა - აქ სკვერი შენდება. მერიას ოფიციალურად ამ ტერიტორიის შეცვლაზე ნებართვა გაცემული არ აქვს, თუმცა არსებობს თბილისის მერის ზეპირი პირობა, რომ მთავრობა ამ ნებართვას “ძალიან მალე” მიიღებს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან, თბილისის ისტორიულ ნაწილში, სკვერის მოწყობისთვის მზადება ისე დაიწყო, რომ არც ცენტრალურ და არც ქალაქის მთავრობას არ აუხსნია:

  • როდის მიმართა კანცელარიამ თბილისის მერიას თხოვნით და რატომ დაიწყო ტერიტორიის შემოღობვა თანხმობის მიღებამდე;
  • რატომ წამოიწყო თბილისის ცენტრში მშენებლობა არა მერიამ, არამედ ქვეყნის მთავრობის ადმინისტრაციამ, რომლის მოვალეობაც არაა დედაქალაქის განაშენიანება და კეთილმოწყობა;
  • ვინ არის პარკის პროექტის ავტორი და ვინ ჩაიბარა სამუშაოები;
  • რა დაუჯდება ბიუჯეტს ეს პროექტი;
  • როდის უნდა დასრულდეს სკვერი.

„პროექტის შეთანხმებამდე და სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემამდე სახელმწიფო მნიშვნელობის შენობასთან თუნდაც მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები კანონდარღვევაა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბესიკ დონაძემ, „ევროპული საქართველოდან“. მან 8 აპრილს ჯერ პოლიცია გამოიძახა, შემდეგ კი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში დარეკა და შეატყობინა, რომ ინგოროყვას 7 ნომერში უკანონო მშენებლობა დაიწყო. სწორედ 8 აპრილს თქვა ქალაქის მერმა, კახა კალაძემ, რომ პარკის გაშენების ნებართვა გაცემული არ იყო, თუმცა სივრცის მოწყობასა და გალამაზებაში „ცუდი არაფერია“. მუნიციპალურ ინსპექციაში ბესიკ დონაძეს უპასუხეს, რომ ამ ადგილას უკვე იყვნენ და ვითარებას სწავლობენ.

საბოლოოდ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ამ საქმეზე წარმოება არ დაიწყო, ვინაიდან ჩაითვლა, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები დაწყებული არ იყო და მხოლოდ მზადება მიმდინარეობდა.

ღობისთვის საჭირო მასალები კანცელარიასთან, 7 აპრილი, 2023 წელი

ოპოზიცია თვლის, რომ მთავრობას ამ ტერიტორიაზე სკვერის გაშენება აქციების შიშმა გადააწყვეტინა, თბილისის მერმა კი ამ იდეის საპირწონედ 2 წლის წინ პარლამენტის წინ სკვერის მშენებლობა გაიხსენა.

„მე მახსოვს, როდესაც დავიწყეთ პარლამენტის შენობის წინ არსებული სივრცის კეთილმოწყობა და მოწესრიგება, მსგავსი განცხადებები კეთდებოდა. საზოგადოება ძალიან კარგად შეაფასებს ამ ყველაფერს. ხდება კონკრეტული სივრცის მოწესრიგება და გალამაზება”, - თქვა კახა კალაძემ 8 აპრილს.

პარლამენტის წინ საყვავილეების მოწყობა და შადრევნის განახლება, რომელიც ასევე პროექტისა და ტენდერის გარეშე დაიწყო 2020 წლის იანვარში, 3 თვეში უნდა დასრულებულიყო. ტერიტორია აქ მერიამ მას შემდეგ შემორაგა სამშენებლო ღობით, რაც ჯერ საპროტესტო კარვები აშალა 31 დეკემბრის ღამით პოლიციის ძალით, მერე კი საშობაო სოფელი ჰქონდა გაშენებული ჩვეულებრივზე დიდხანს. საბოლოოდ პარლამენტის წინ ტერიტორიის განახლებას დათქმულზე ორჯერ მეტი დრო დასჭირდა და გამწვანებული მოედანი მხოლოდ 2020 წლის აგვისტოს ბოლოს გაიხსნა. ეს პროექტი მერიის არქიტექტურის სამსახურმა შეიმუშავა. მას ახალი წამოწყებისგან ის განასხვავებს, რომ თბილისის მერია აქ არათუ ინიციატორი არ არის, სათანადოდ ინფორმირებულიც კი არ ყოფილა.

ასევე ნახეთ პარლამენტთან მოედნის განახლებაზე მილიონ-ნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯა

10 აპრილს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ კანცელარიის სკვერზე საუბრისას თქვა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ღობისთვის საჭირო მასალები იყო მიტანილი.

„ჯერ თანხმობა არ არის გაცემული, ამ დღეებში გაგრძელდება მუშაობა, გარემოს დაცვის სამსახურიც ჩართული არის, არქიტექტურის სამსახურიც და მას შემდეგ, რაც გაიცემა თანხმობა, მერე გაგრძელდება კი არა, ჩატარდება სამუშაოები. სამუშაოები არ დაწყებულა, მე როგორც ვიცი, მოსამზადებელი ჩატარდა, მასალები მიიტანეს უბრალოდ ადგილზე და ღობის მომზადება დაიწყო. ვეცდებით ძალიან მალე გავცეთ თანხმობა, ამას მშენებლობის ნებართვა არ სჭირდება, ეს არის პირველი კლასის ნაგებობა“.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის სისტემაში არ იძებნება საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც სივრცის მოწყობის გეგმას ასახავდა. არაოფიციალური არხებით გავრცელდა მხოლოდ ესკიზები, რომელზეც სავარაუდოდ ასახულია როგორი იქნება კანცელარიის წინ მოედანი სკვერის მოწყობის შემდეგ. არც მთავრობის ადმინისტრაციასა და არც თბილისის მერიას არ დაუდასტურებია ამ ე.წ. რენდერების ნამდვილობა.

პარკის გრაფიკულ მაკეტზე ჩანს გეომეტრიულ ჭრებში ჩარგული ხეები, ხის სკამები და რკინის ღობე, რომელიც სკვერში სავარაუდოდ დასრულების შემდეგაც იქნება და გამიჯნავს სივრცეს მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელსა და დანარჩენ ტერიტორიას შორის.

მთავრობის ადმინისტრაციას რკინის ღობე ერთხელ უკვე შემოარტყეს ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ახალმა მთავრობამ რკინის მესერი დემონსტრაციულად, იმის ნიშნად აიღო, რომ ხალხსა და ხელისუფლებას შორის ბარიერები აღარ იარსებებდა.

„გეშინიათ სანქციების და აქციების”, - თქვა დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ. კოლეგამ მმართველი პარტიიდან, ნიკო კახეთელიძემ მას უთხრა, რომ ამ ადგილის კეთილმოწყობაზე მსჯელობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, მათ შორის წინა ხელისუფლების დროსაც, და თბილისელებისთვის, რომლებიც მწვანე სივრცეების სიმწირეს განიცდიან, ახალი პარკი მიმზიდველი ადგილი ხდება. ამ ადგილიდან რამდენიმე მეტრში 25 201 კვ.მ-ის ფართის მქონე პირველი რესპუბლიკის ბაღია, რომელიც წელიწადზე მეტია რეაბილიტაციის მოლოდინში დაკეტილია.

წითელი ხაზებით მონიშნულია ის ადგილი, სადაც მთავრობა აპირებს ახალი სკვერის მოწყობას, მწვანე ხაზებით - უკვე არსებული, პირველი რესპუბლიკის პარკი. თბილისის მერიამ ამ პარკის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციის ტენდერი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა და ამ სერვისში 338 983 ლარს იხდის.

„სულელური ფართია, რომელსაც აბსოლუტურად ვერანაირად ვერ იხმარს ჩვეულებრივი, თბილისის მოქალაქე”, - ასე აღწერა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კანცელარიის წინ სივრცე.

Your browser doesn’t support HTML5

საკრებულოს სხდომაზე კანცელარიის სკვერის შესახებ განცხადებები

იმ ტერიტორიის ქვეშ, სადაც პარკი უნდა გაშენდეს, კანცელარიის სპორტული დარბაზია. დარბაზის გადახურვის კონსტრუქციის მზიდუნარიანობის, ბეტონის სიმტკიცისა და არმატურის დიამეტრების შესწავლის თხოვნით მთავრობის ადმინისტრაციამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2022 წლის მაისში მიმართა. ექსპერტიზის ბიურომ დარბაზის მოსაზღვრე სივრცეების შესწავლა ვერ მოახერხა, ვინაიდან დარბაზისგან განსხვავებით სხვა ოთახებს კანცელარიის თანამშრომლები აქტიურად იყენებდნენ. არის თუ არა სამხარაულის ექსპერტიზები პარკის მოწყობასთან კავშირში, დოკუმენტებიდან არ ჩანს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს მთავრობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არქიტექტურულ-სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტების მომზადების და თბილისის მერიასთან შეთანხმების უფლებამოსილება 2023 წლის 7 აპრილს მიანიჭა. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს შევიდა თბილისის მერიაში მოთხოვნა სკვერის მოწყობაზე ნებართვის მისაღებად.

კანცელარიასთან გასაშენებელი პარკის ერთ-ერთი ესკიზი

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მითითებული საპროექტო კომპანია. მუშები, რომლებიც კანცელარიის პირდაპირ ღობეს ჭიმავენ, ამბობენ, რომ ისინი კომპანია „დელტა მშენებელმა” დაიქირავა. ამ კომპანიაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ნამდვილად არიან ჩართულები სამშენებლო სამუშაოებისთვის ტერიტორიის მომზადების ეტაპზე.

7 აპრილი, მთავრობის ადმინისტრაციასთან სამშენებლო მასალები ჩნდება

მთავრობის ადმინისტრაციამ „დელტა მშენებელი” 2022 წელს გამოავლინა გამარჯვებულად ტენდერში, რომლის პირობაც კონტრაქტორთან გრიფით საიდუმლო ხელშეკრულების დადება იყო. ტენდერის ღირებულება 62 500 ლარი იყო იმ დათქმით, რომ ეს ფასი პირობითია და მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტის გამოვლენას ისახავდა მიზნად. მთავრობის ადმინისტრაცია სამშენებლო სამუშაოებისთვის ამ ტენდერით ეძებდა კომპანიას, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა (ფორმა N4). „დელტა მშენებელი” ამ ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო.

კომპანია დელტა მშენებლის 100%-იან წილს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ფლობს. „დელტა მშენებლის“ სახელთან დაკავშირებულია ორი პრობლემური სახელმწიფო პროექტი: ჯარის ქალაქი თბილისში, მახათას მთაზე, რომელიც მნიშვნელოვანი დაგვიანებით შენდება და გორის სამხედრო ჰოსპიტლის პალატების გაჭიანურებული რემონტი.

კანცელარიასთან გასაშენებელი პარკის ერთ-ერთი ესკიზი, ზედხედი