საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა. როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ამ მიმართულებით პარტნიორებთან კოორდინაციის საკითხები.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე, DOLFIN-ზე დაშვების უფლება.
"ფინანსთა მინისტრმა სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ სანქციების განხორციელების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით მიიღო და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი აქტივობები ამ კუთხით, კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს საერთაშორისო რეგულაციების აღსრულების მიმართულებით", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლაშა ხუციშვილი აშშ-ში ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს ექსპორტის მიმართულებით, მეთიუ აქსელროდსაც შეხვდა. საქართველოდან სანქციების აღსრულების საკითხი ამ შეხვედრაზეც განიხილეს.
შეხვედრებს ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი. საქართველოდან აშშ-ში ჩასულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილიც.
ევროკავშირი ეჭვობს, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ დაწესებულ სანქციებს რუსეთი გვერდს უვლის. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან მკვეთრად იმატა ევროპული და ბრიტანული საქონლის ექსპორტმა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში. 2017-2019 წლებთან შედარებით, 179 პროცენტითაა გაზრდილი ექსპორტი ყირგიზეთში, სომხეთში - 170%-ით, ყაზახეთში - 125%-ით, საქართველოში კი - 122%-ით.