ავტორი: გიგა გოგოლაური

წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ხელოვნურობის ვულგარულმა არშიყმა, გაასულელოს ადამიანი. ხანდახან დაუჯერებელია, როგორ გრძნობ, რომ არტისტი გელამუნება ფანტაზიის კვალდაკვალ. გულის სიღრმეში კი დამარხულ, კარგად ნაცნობ ფიქრსაც მიაგნებ, რომ არარაობა ხარ და ბოროტებას უყურებ ზიზღით.

სწორედ ამ ფიქრებში გამოღვიძებული, ფერთა გამიდან იღებ წითელს და გალანტური მოძრაობით ავტოპორტრეტს ასხამ. საკუთარი თვალების ანარეკლში, დანახულ მარტოობას, ჩუმი თავმდაბლობით უყურებ და თითქოს ცოდვების მძიმე პეიზაჟის უსასრულობაში იკარგები.. ამ დროს, ნისლიანი სივრციდან, ხმა მონოტონურად გიმეორებს, რომ შენთვის საყვარელი ყველა-ფერი, რომელიც გრძნობის მოზაიკის გამოსახატად შეგიქმნია, მხოლოდ ზედაპირული და ფარსი ილუზიაა.

ტყუილია შთაგონების ყველა წყარო, რომელთანაც ოდესმე ნაზად გიცეკვია. თოვლი, რომლის სითბოსაც სულის მცირე ნაწილაკებამდე გრძნობდი. ტყუილია რომ ბეატრიჩეს სიყვარული ერთი ნახვით შეგიძლია, თითქოს ოცნებები რომლებიც მხოლოდ შენ გეკუთვნოდა და არასდროს არაფრის ფასად დათმობდი, უმიზნო მიზნებად გადაგექცა, თითქოს დასახვრეტად გამზადებენ და ზურგს უკან დამცინავად მოგიწოდებენ მუხლებზე დგომისკენ, რომ ღირსება დაკარგულმა, დახუჭო მარტოობისთვის განწირული, ნაცრისფერი თვალები.. შენი ცხოვრება, სწორედ ის დამტვერილი ოცნებებია, თაროზე ტირილით, რომ ირთობენ თავს და არსებობისთვის, რწმენის ნაწილაკს ბინძურ ორღობეში ეძებენ...

გამოღვიძებულს, ყველაზე შორეული კუთხიდან, იასამნისფერი წვიმის ნაზი ნოტები გეპარება. ბეატრიჩეს სურნელის სიმსუბუქესაც გრძნობ, ხვდები რომ შენი გადარჩენა, ერთი დიდი აფეთქების შედეგია. აი სწორედ იმ დღეს პირველად რომ აგიყვავდა ბაღში იასამანი, თითქოს სწორედ მაგ ეზოში შეიგრძენი სარწეველაში მოძრაობის სიმსუბუქე, ამ დროს ოთახში გამეფებულ მძიმე ყავისფერში, სარკმლიდან მზის სხივებს გრძნობ და გინდა სითბოს მოეფერო, თითქოს სინათლის ყოველი ნაწილაკი სიმშვიდის სურნელს გაჭმევს. შენი ფიქრების, მყუდროების ლამაზ მოსაწვევებს არიგებს, თითქოს ამ ემოციას ბერტოლუჩი ქმნის და ბოუვი სიმღერებს უძღვნის.

შეხების მაგიის სასწაულით იაზრებ, რომ ბეატრიჩეს სიყვარული, მხოლოდ ერთი ნახვით შეიძლება.