მინისტრთა კაბინეტის წევრი და საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი გმობს აშშ-ის გადაწყვეტილებას რამდენიმე ქართველი მოსამართლის სანქცირების შესახებ. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია, რადგან "სწორედ დასავლეთი იყო მომხრე იმისა, რომ ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ".
"მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა, რაც გულისხმობს დაახლოებით 20-წლიან გამოცდილებას, მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო ჩვენი მეგობრის, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა, როგორც ირკვევა, სიურპრიზის ფორმა.
პარტნიორები, მეგობრები ასე, ალბათ, არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე, როდესაც არის გარკვეული გაუგებრობა. ამ მეგობრობას და პარტნიორობას იმდენად დიდი ფესვები და ტრადიცია აქვს, რომ ამგვარი ტიპის გაუგებრობები მას ვერაფერს დააკლებს, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ვალდებული ვართ, ვინც წარმოვადგენთ ქართველ ერს ხელისუფლებაში, დავგმოთ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის დაუშვებელი აქტი სანქცირების სახით..." - თქვა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.
ასევე ნახეთ რა ვიცით აშშ-ში სანქცირებული ქართველი მოსამართლეების შესახებსაქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დამატებით განმარტა ამ სანქცირების მიზეზი. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".
ასევე ნახეთ ეს არის შანსი, აღმოიფხვრას კორუფციის ბრალდებები სასამართლო სისტემაში - დეგნანი მოსამართლეების სანქციებზე